ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრი მომდევნო 4 წელიწადში უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აანონსებს. აღნიშნული გეგმის დეტალებზე "ბიზნესკონტრაქტთან" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძე საუბრობს.
- ბატონო ზურაბ, რას გულისხმობტ უპრეცედენტო პროექტებში და როგორიიქნება სამინისტროს პრიორიტეტები?
- მთავრობამ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მართლაც უპრეცედენტო რაოდენობის პროექტების განხორციელება დააანონსა. ეს არის დაახლოებით 800 კმ ჩქაროსნული მაგისტრალების, ხიდების, ესტაკადების, გვირაბების, რეგიონთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, რეგიონებისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მათთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია და ქვეყანაში ძირითადი ტურისტული ინფრასტრუქტურის დასრულება. ასევე მყარი ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით ძველი ამორტიზირებული ნაგავსაყრელების დახურვა და ახალი ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელების მშენებლობა. ასევე არის სხვა მრავალი მცირე თუ საშუალო ზომის პროექტი, რომლებსაც სხვადასხვა ფონდების მეშვეობით რეგიონებში განვახორციელებთ. 2017 წელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში, ჟინვალი-თიანეთის გზას, ქუთაისი-გეგუთის კვანძს და ნიკეის ქუჩას დავასრულებთ. ასევე დავიწყებთ და დავასრულებთ დევდორაკის გვირაბს, რომელის საფრთხეებს გვიქმნის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. საჩხერის და რაჭის მიმართულებით და ასევე ბაღდათიდან აბასთუმნის მიმართულებით გზების მშენებლობას დავიწყებთ. ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით უმნიშვნელოვანესია ახმეტიდან თუშეთისკენ მიმავალი გზა, რაც ხევსურეთით გაგრძელდება და ყაზბეგში დასრულდება. აღსანიშნავია ასევე გზა, რომელიც ხულოს აბასთუმანთან შეართებს. ეს გზა მნიშვნელოვანია და მისი მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.
- მთელი ამ ხნის განმავლობაში კრედიტებისა და გრანტების ათვისება საკმაოდ პრობლემატური იყო, რომელიც ბუნებრივია, ამ პროექტებს არის მიბმული. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდებოდა ეს შეფერხებები და ამ პროცესების უკეთ მართვას როგორ აპირებთ, რომ იმ ვადებში ჩაეტიოთ რა ვადებიც მითითებული გაქვთ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დასასრულებლად?
- ვგეგმავთ რომ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართოს. ამის გამოცდილება გვაქვს და ეს ღონისძიებები რომ განვახორციელოთ, ყველაფერი ისე უნდა განვითარდეს, როგორც დაგეგმილი გვაქვს. აქედან გამომდინარე სამინისტროში და მასთან დაქვემდებარებულ სტრუქტურებში რეორგანიზაციას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მენეჯმენტი ამ მიმართულებით გაცილებით უფრო ეფექტური იყოს. მთლიანად სტრუქტურას იმ ოთხ პუნქტიანი გეგმის განხორციელებას მოვარგებთ, რაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. აღვნიშნავ, რომ ეს არის სივრცითი მოწყობის კომპონენტი და აქედან გამომდინარე, ეს რეორგანიზაციაც ამ სტრუქტურებში იმას ემსახურება, რომ მთელი სტრუქტურა იმ ამბიციური გეგმების განხორციელებას მოერგოს, რაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მიზნად დავისახეთ.
- 2015 წელს ფინანსთა სამინისტრო ამბობდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შენელების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბიზნესი ტემპს ვერ აყვა და ამხელა დატვირთვას თავი ვერ გაართვა. თქვენ საუბრობთ, რომ შემდგომი 4 წელი უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების წელი იქნება. თქვენ თუ მიიჩნევთ აღნიშნულს შენელების არგუმენტად?
- ამ ფაქტორთან ერთად, სავარაუდოდ ბევრ სხვა ფაქტორზეც შეიძლება საუბარი თუ უფრო სწრაფად რატომ არ ვითარდებოდა ეს პროექტები, მაგრამ წარსულზე საუბარის მგონი აჯობებს იმაზე ვისაუბროთ როგორ განვახორციელებთ აღნიშნულ პროექტებს. ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ სამშენებლო კომპანიებთან და ქართულ ბანკებთანაც იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროცესის განმავლობაში სამშენებლო კომპანიებმა და ბანკებმა ერთმანეთთან აქტიურად უნდა იმუშაონ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. ამისთვის ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვექნება, უახლოეს მომავალში ინტენსიური შეხვედრების დაწყებას ვგეგმავთ. ჩვენ შევეცდებით, რომ ქართულ კომპანიებს ინსენტივები მაქსიმალურად მივცეთ, რათა მათ გამსხვილება მოახერხონ, რომ შემდეგ მსხვილ პროექტებში მონაწილეობა შეძლონ. ჩვენ მსხვილ პროექტებს განვახორციელებთ, რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო პროექტებთან ერთად. ეს დაახლოებით 20 პროექტია, რომელთა ღირებულება სავარაუდოდ 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი იქნება. იმისათვის, რომ ქართულმა კომპანიებმა პროექტებში მონაწილოება მიიღონ, მათ გამსხვილება, სწორი მენეჯმენტი და სწორი დაგეგმარება სჭირდებათ.
- ტენდერებს თუ მიიჩნევთ პრობლემად?
- არ მივიჩნევთ პრობლემად, რადგან იქ, სადაც ქართულ კომპანიებს გამოცდილება არ აქვთ ეს საერთაშორისო ტენდერებია და აქ მონაწილეობას მაღალი კვალიფიკაციის, შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიები მიიღებენ და ამ მშენებლობებს ისინი განახორციელებენ. მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს არცერთი უცხოური კომპანია, რაც არ უნდა მსხვილი და ძლიერი იყოს ქვეყანაში შემოვიდეს და მას ქართველი პარტნიორი არ სჭირდებოდეს. აქედან გამომდინარე, ქართულ კომპანიებთან აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ, რადგან ეს პროცესი ღია და გამჭვირვალე იყოს და ქართული კომპანიები აღნიშნული პროექტების განხორციელებაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები.
- აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელთან გქონდათ შეხვედრა და რა იყო ის ძირითადი საკითხები, რაც ამ შეხვედრაზე განიხილეთ?
- აზიის განვითარების ბანკთან შეხვედრა გვქონდა, სადაც მიმდინარე პროექტები და ის მიმართულებები, განვიხილეთ, რაც ახლა გვაინტერესებს. ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას თავისი შესყიდვების წესები აქვს. ჩვენ ახლა იმისთვის ვმუშაობთ, რომ ის ვადები, რომლითაც ისინი სტანდარტულად მუშაობენ მაქსიმალურად შევზღუდოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ ტენდერის გამოცხადებას ვადა ვთქვათ 6 ან 9 თვე ჭირდება, ეს ვადები იმ დონემდე ჩამოვიყვანოთ, როგორც ეს გვაქვს დაგეგმილი. ამაზე ვმუშაობთ და საფინანსო ინსტიტუტები მოგვყვებიან ამ მიმართულებით. მომავალ კვირას აზიის განვითარების ბანკის კიდევ ერთი მისია ჩამოდის, ასევე შემდეგ კვირას ევროპის საინვესტიციო ბანკიც ჩამოდის და 500 მილიონიანი პაკეტის გაფორმებაზე ვმუშაობთ. ეს ყველაფერი სწორი მენეჯმენტით და საფინანსო ორგანიზაციებთან, მშენებლებთან, ზედამხედველებთან და პროექტის მენეჯერებთან სინქრონული მუშაობით, ვთვლით, რომ იმ ამბიციურ გეგმას, რაც დასახული გვაქვს აუცილებლად განვახორციელებთ. ეს შეუსრულებადი არ არის და აღვნიშნავ, რომ ჩვენ ამის პასუხისმგებლობას ვიღებთ.
- საქართველოში შესაძლოა ფასიანი გზები მივიღოთ?
- ამ საკითხის დამუშავება მიმდინარეობს, ოღონდ ასე აქტიურად არ დგას, რომ ხვალ ან ზეგ ფასიანი გზები გვექნება. ამ ინფრასტრუქტურას რაც შენდება ალბათ მოვლა-შენახვა დასჭირდება და რაღაც დროს ეს შეიძლება შემოღებული იქნეს, მაგრამ ამჟამად ეს საკითხი აქტიურად არ განიხილება. ჩვენ კერძო საჯარო პარტნიორობის მიმართულებით ვმუშაობთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ნოვატორულია. ჩვენს კონსულტანტებთან აქტიურად ვმუშაობთ, დონორები გრანტების სახით გვეხმარებიან, რომ ეს ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. პროცესიც, რა თქმა უნდა, ღია იქნება. ამ წუთში ამასთან დაკავშირებით კონკრეტულს ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან შესწავლის ძალიან ადრეულ ეტაპზე ვართ. როგორც კი წინ წავალთ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს გამჭვირვალე პროცესი იქნება და საზოგადოებასაც საქმის კურსში ჩავაყენებთ.