ფერმერები თხილის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ელოდებიან. როგორც "ბიზნესკონტრაქტს" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოოპერატივის "დარჩელის" თავმჯდომარემ შალვა აგუმავამ განუცხადა, წელს ქართული თხილის ხარისხი კატასტროფული იყო. მისივე ინფორმაციით, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით კოოპერატივი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთად მუშაობს.
"დარჩელის თხილის" გამგეობის თავჯდომარე აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილზე თხილის ნიმუშები უკვე აიღეს და ლაბორატორიაში გადააგზავნეს.
შალვა აგუმავას თქმით, სწორედ კვლევის შედეგად დადგინდება, რა შეიძლება იყოს თხილის უხარისხობის მიზეზი, მომავალ წელს კი კოოპერატივი პრობლემების გამოსწორებაზე იმუშავებს.
მისივე ინფორმაციით, ქართული თხილი თურქულ თხილზე 40-50 ცენტით ნაკლები ღირს, რისი მიზეზიც სწორედ ქართული თხილის დაბალხარისხიანობაა.
კოოპერატივ დარჩელში დღესდღეობით 599 მეპაიე შედის.