"სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს",- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკისა და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან საერთო პრესკონფერენციაზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ სავალუტო ფონდი საქართველოს 3-წლიან პროექტში 285 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
"აღნიშნული 3-წლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნება ინიცირებული. ჩვენ განვიხილეთ ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ქვეყანაში არსებული ტენდენციები მიმდინარე წლისა და საშუალოვადიანი პერსპექტივები. სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მიესალმება საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი პროგრამა არის არამხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისთვის, არამედ სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას.
პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი პარტნიორი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში. საერთაშრისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუტურული რეფორმები, რომელთა მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა",- აცხადებს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.