ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი არ წარადგინა - ამასთან დაკავშირებით უწყება განმარტებებს აკეთებს.
"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის 2016 წლის 5 ნოემბრამდე უნდა წარედგინა, ხოლო თავის მხრივ, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში 15 ნოემბრამდე უნდა განხილულიყო და შენიშვნებით კვლავ მთავრობაში დაბრუნებულიყო.
ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიოდში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში - 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი.
მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს მთავრობა აუცილებლად წარუდგენს მას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.