ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელოდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტზე 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
მისი განმარტებით, 2017 წლის 8 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 4.7%-ს შეადგენს, რაც დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
"წლის ბოლომდე დაახლოებით 4.5% გვექნება ეკონომიკური ზრდა. რაც შეეხება 2018 წელს, მართალია 4.5%-ია დაგეგმილი, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებელს მივაღწევთ", - განაცხადა კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ვარაუდით, 2017 წელს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება.