დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება კომერციული ბანკებისთვის ხარჯების გაზრდას გამოიწვევს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი.
კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას დეპოზიტების დაზღვევის ფონდი, სადაც თავს მოიყრის ფულადი სახსრები, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორების ასანაზღაურებლად იქნება გამოიყენებული.
რაც შეეხება ფონდის დაფინანსების წყაროებს, ის შედგება შემდეგი წყაროებისგან: პირველადი შენატანები; რეგულარული სადაზღვევო შენატანები; სპეციალური სადაზღვევო შენატანები; სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებული შემოსავალი; სადაზღვევო შემთხვევის მქონე კომერციული ბანკების აქტივებიდან მიღებული თანხები; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სხვა შემოსავლები.
ამასთან, როგორც კანონ-პროექტშია აღნიშნული, "კომერციული ბანკი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით განსაზღვრული სადაზღვევო შენატანები".
კერძოდ, კომერციული ბანკი ვალდებულია, ფონდში ერთჯერადად გადაიხადოს პირველადი შენატანი ფულადი ფორმით, 100 000 ლარის ოდენობით.
ასევე, კომერციული ბანკი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად - ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის ბანკში ლარით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს და ბ) შესაბამის ბანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს.
კანონ-პროექტი ბანკებს ასევე ავალდებულებს სპეციალური სადაზღვევო შენატანის განხორციელებას, რომლის განმარტება ასეთია: "თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს ფონდში არ არის საკმარისი რესურსი დაზღვეული დეპოზიტების ასანაზღაურებლად, ამ კანონისა და ინსტრუქციის შესაბამისად სააგენტოს უფლება აქვს კომერციულ ბანკს ერთჯერადად დამატებით დაუწესოს სპეციალური სადაზღვევო შენატანი, მაგრამ არაუმეტეს კომერციულ ბანკში დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 1%-ისა კალენდარული წლის განმავლობაში".
აღსანიშნავია, რომ თუ ფონდში არ შეგროვდა საკმარისი თანხა დეპოზიტების ასანაზღაურებლად, სააგენტო უფლებამოსილია მოიზიდოს სახსრები, მათ შორის სახელმწიფო გარანტიის საფუძველზე ანუ ისესხოს ფული მთავრობიდან ან ეროვნული ბანკიდან ან განათავსოს ფასიანი ქაღალდები და ა.შ. და ეს სესხი შემდეგ უნდა დაიფაროს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან.