პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის გადასვლის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებები გრძელდება. უწყებაში ამჯერად საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის ახალი მოადგილეები დაინიშნენ. აღნიშნულ თანამდებობაზე კახაბერ ხურცილავა და სერგო გიორგაძე გააგრძელებენ მუშაობას. ინფორმაცია "საქმის კურსს" ფინანსთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანამდებობა მთავარი სამმართველოს უფროსმა ზურაბ სიჭინავამაც დატოვა, მის ადგილზე გიორგი ელგანდაშვილი გააგრძელებს მუშაობას.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია ცვლილებების მიზეზის შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია ახლადდანიშნული პირების შესახებ ინფორმაცია.
კახაბერ ხურცილავას 2013 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე მუშაობდა სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის იურიდიული განყოფილების უფროსად.
სერგო გიორგაძე კი 2010 წელს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება გიორგი ელგანდაშვილს, 2016-2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლევან გამყრელიძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი ბადაშვილი შეცვალა, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.