სატერმინალო, ლოჯისტიკური კომპანიები და საზღვაო ხაზები ფოთის პორტს თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პორტი მონოპოლიას ქმნის სატერმინალო მომსახურების სფეროში და პრობლემებს უქმნის პორტში მოქმედ როგორც სატერმინალო, ისე ლოჯისტიკურ კომპანიებს.
1-ლი ივლისიდან ძალაში უნდა შესულიყო ფოთის პორტის ახალი სატარიფო პოლიტიკა, რომლის შედეგადაც საკონტეინერო ხაზები და ტვირთის მფლობელები იძულებულნი იქნებოდნენ ტვირთი მხოლოდ პორტის საკონტეინერო ტერმინალში დაემუშავებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ შეჩერდა, რაც კომპანიების მოხოვნით ფოთის პორტის საქმიანობის შესწავლით კონკურენციის სააგენტო დაინტერესდა.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" სატერმინალო მომსახურების კომპანია "ისთგეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განუცხადა, მათ შესაბამისი სარჩელით მიმართეს კონკურენციის სააგენტოს, რომელიც მოკვლევას სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაასრულებს.
დავით დავითაძის თქმით, ფოთის პორტი საოპერაციო კუთხით პრობლემებს უქმნის საზღვაო ხაზებსაც. პორტის ადმინისტრაცია მოცდენების გამო კომპანიებს ჯარიმებს უწერს და აიძულებს ხაზებს მომსახურება პორტის მიერ დაფუძნებულ ტერმინალში გასწიონ.
სწორედ ჯარიმების გამო ფოთის პორტს საერთაშორისო საზღვაო ხაზი "ევერგრინი" სასამართლოში უჩივის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესკონტრაქტს’’ განუცხადა, მოცდენებზე ჯარიმების გამოწერა ხდება ცალმხრივად.
"ჩვენ ვაწვდით ტრანსპორტს ფოთის პორტს, რომ მოხდეს კონტეინერების გადატანა საკონტეინერო ტერმინალებში. ნავსადგური ამბობს, რომ ამწესთან თავის დროზე არ ხდება ტრანსპორტის მისვლა და ხდება მათი მოცდენა, რის გამოც პორტი ჯარიმებს წერს. ერთ საათში თანხობრივად ეს დაახლოებით 400 დოლარს შეადგენს. თვის განმავლობაში კი კომპანიას დაახლოებით 8 საათის მოცდენა უფიქსირდება", -აცხადებს თემურ ბაბილოძე.
მისი თქმით, ფოთის პორტი მოცდენის მიზეზით ჯარიმების გამოწერას 1 ივნისიდან მოყოლებული ახორციელებს. ბაბილოძის განცხადებით, ცალმხრივად ხდება დაანგარიშება რა რაოდენობის მოცდენა უფიქსირდება კომპანიას, რაც სამართლებრივად გაუმართლებელია.