მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მცხეთა -სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა უკვე რამდენიმე დღეა პარალიზებულია. გზაზე არსებული შეფერხებების გამო ცხადია პრობლემები ექმნებათ ბიზნესის წარმოამდგენლებს, რადგან შეფერხებული საავტომობილო მოძრაობის გამო, შესაბამისად მათი პროდუქციაც ვერ ჩამოდის თავის დროზე დანიშნულების ადგილამდე. ბიზნესმენ ივა ჭყონიას განცხადებით დღეისათვის ასობით მისაბმელიანი ავტომობილი არის გაჩერებულ მდგომარეობაში და ელოდება მათთვის გზის გახსნას. როგორც ჭყონია განმარტავს, მისი ტვირთი მოცემულ გზაზე 10 დღეზე მეტია გაჩერებულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ბიზნესმენს ჯერჯერობით არ მიუმართავს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ მცხეთა -სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კონკრეტულად მისაბმელიანი საავტომობილო საშუალებებისთვის გარკვეული შეზღუდვები ფიქსირდება. რაც შეეხება ორხიდიან ავტომანქანებს, მიკრო და ჩვეულებრივ ავტობუსებს, მათ მოძრაობას ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნია. როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბიზნესკონტრაქტთან საუბარში განმარტავს ტერიტორია გასუფთავებულია, გზებზე მარილიც არის მოყრილი, თუმცა იქედან გამომდინარე რომ საკმაოდ ძლიერი ყინვაა, ეს პროცედურები მისაბმელიანი ავტომობილებისთვის შეუფერხებელი მოძრაობის აღდგენას ვერ უზრუნველყოფს.
აღნიშნულ შეფერხებასთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთეს შემოსავლების სამსახურშიც. მათი განცხადებით, ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას, თუმცა რასაკვირველია უამინდობის გამო გზებზე წარმოქმნილი პრობლემების შედეგად, გამშვებ პუნქტზე ავტომობილების დინამიკა შემცირებულია.