23 სექტემბრიდან რუსეთმა საექსპორტო გადასახადი გააუქმა. ეს მას შემდეგ, რაც ხორბლის ყველაზე მსხვილმა შემსყიდველმა ქვეყანამ-ეგვიპტემ უარი უთხრა ტენდერებში რუსულ კომპანიებს მონაწილეობაზე. ჭარბი მოსავლიდან გამომდინარე, ხორბლის რეალიზაციის პრობლემა თავიდან აცილების მიზნით კი რუსეთმა საექსპორტო გადასახადი გაანულა, რამაც საქართველოსთვის ხორბალი 3-4 დოლარით გააიაფა. ხორბალზე დაბალი ფასიდან გამომდნარე ქართულ ბაზარზე გაიაფდა ფქვილიც. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, თუ შარშან ერთი ტომარა ფქვილის ფასი 45 ლარი იყო, დღეს მინიმალური ფასი 32 ლარია, რაც ფაქტობრივად ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება. "ეს ღონისძიება კიდევ უფრო გააიაფებს 2-3 დოლარით ტონა ხორბალს და შესაბამისად იმოქმედებენ ადგილობრივი წისქვილკომბინატები და ფასი იქნება კონფორტული როგორც ფქვილზე, ისე შემდგომ პურზე", - ამბობს სილაგავა.
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ფქვილის ფასი 12 ლარით შემცირდა, პურის ფასი ისევ უცვლელია. როგორც "იფქლში" "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადეს, ამ ეტაპზე პურზე ფასის გადახედვა ნაკლებ სავარაუდოა. "ეს თემა ყოველთვის აქტუალურია შემოდგომის დასაწყისში, როცა მოსავალი ახალი აღებულია. მინიმუმ ერთწლიანი სტაბილური ფასია საჭირო იმისთვის, რომ მეწარმეებმა გადახედონ პურზე ფასებს’’-აცხადებენ კომპანიაში.