"მხოლოდ განაწილებული მოგების, ანუ დივიდენდის დაბეგვრის შემთხვევაში, ბიუჯეტს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დააკლდება“, - ამის შესახებ სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა „ბიზნესკონტრაქტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ფრანსუა პეჰშო მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია, როგორც რეგიონთან, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით.
"მთავრობა ამბობს, რომ ეს რეფორმა ინვესტიციების წასახალისებლად სჭირდება. ჩვენ კი ვეუბნებით მთავრობას, რომ ამისთვის სხვა გზებიც არსებობს, რაც ასე ძვირი არ დაუჯდებოდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი შეფასებით მხოლოდ განაწილებული მოგების, ანუ დივიდენდის დაბეგვრის შემთხვევაში, ბიუჯეტს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დააკლდება და ეს საკმაოდ დიდი თანხაა. და ეს იმ პირობებში, როდესაც გადასახადები, მათ შორის, იგივე მოგების გადასახადი საქართველოში ისედაც დაბალია, როგორც რეგიონთან, ისე დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. ამდენად მიგვაჩნია, რომ მოგების გადასახადის შემცირებით, საქართველო ბევრს ვერ მოიგებს, ხოლო ინვესტიციების მხარდაჭერა სხვა ზომებითაც არის შესაძლებელი - მაგალითად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების რეფორმირება, განათლების რეფორმა, სასამართლო რეფორმა და სხვა - ეს ყველაფერი გაცილებით იაფი ჯდება და ინვესტიციების მოზიდვაზეც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა“, - განაცხადა პეჰშომ.