მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირისგან შესაძლო გამოყოფის საკითხს მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის საფრთხედ აფასებენ.
როგორც G7-ის ლიდერებმა სამიტის ფარგლებში გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნეს, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ეჭვქვეშ დააყენებს მსოფლიოში არსებულ სავაჭრო და ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე ის გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და სამუშაო ადგილებზე.
ბარაკ ობამამ ერთი თვის წინ ბრიტანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყნის მიერ გამოყოფაზე მიღებული გადაწყვეტილება ბრიტანეთს ამერიკასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების "რიგის ბოლოში მოათავსებს".
საკუთარი პროგნოზი გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეანელებს, როგორც ბრიტანეთის ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკებსაც.
თუმცა ევროკავშირისგან გამოყოფის მომხმრეები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებაში წევრობის გარეშე, ბრიტანეთის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება.
ბრიტანეთში ევროკავშირისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. ხმათა რაოდენობა სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს დგას.
რეფერენდუმის მოლოდინი გავლენას ახდენს ქვეყანაში ინვესტორთა განწყობაზეც, - ბოლო თვეებში ბრიტანული ფუნტი თითქმის ყველა ძირითად ვალუტასთან გაუფასურდა.
გარდა ეკონომიკური საფრთხისა G7-მა საკუთარ ანგარიშში მიუთითა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს მიგრაციის პოლიტიკაზე.