"გადასახადის გადამხდელთა კავშირის" ვიცეპრეზიდენტი გიგლა მიქაუტაძე უცხოელებზე მიწის მიყიდვის სრულად აკრძალვას არასწორად მიიჩნევს.
მიქაუტაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ არსებობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ და საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტირებით არიან დაინტერესებული.
"ყველა შემთხვევაში კარგად უნდა გავაანალიზოთ ის, რომ სრული აკრძალვა, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელი იქნება ინვესტიციებისთვის და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სექტორში ბევრი ფულია საჭირო განვითარებისთვის. ძალიან ბევრი ქართველი, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეობა აქვს, დაინტერესებულია ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადებით. ან უკვე არსებული იურიდიული პირები აპირებენ გაფართოებას, სადაც მოწილე შეიძლება იყოს უცხოელი, ამიტომ იმპერატიული აკრძალვა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და კიდევ ერთხელ კარგად უნდა განიხილოს მთავრობამ",- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ.