"გაიცანი საქართველო"-ს ფარგლებში აჭარაში რიგით მე-20 პრესტური გაიმართა
BM.GE
18.10.16 13:22
• 1188
კამპანია „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარაში რიგით მე-20 პრესტური გამართა. სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-ზე მეტ წარმომადგენელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა უმასპინძლა. ორდღიანი პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქობულეთში მდებარე აგროსერვისცენტრი დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლებისათვის გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, სადაც აჭარული კერძები დააგემოვნეს. პრესტურის მონაწილეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მარნებსა და ვენახებს ეწვივნენ, მოინახულეს პეტრას ციხე და ბათუმის ბოტანიკური ბაღი. პრესტურის მეორე დღეს ჟურნალისტები სათევზაოდ გემით ზღვაში გავიდნენ. საზღვაო გასეირნების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა ბათუმის ძველი უბნები მოინახულეს და კედლის მოხატვის პროცესი “Street Art” გადაიღეს. შეგახსენებთ,შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების - კახეთის, ხევსურეთის, თუშეთის, ყაზბეგის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოს, სვანეთის, გურიისა და აჭარის ტურისტული მიმართულებების შესახებ ასამდე სატელევიზიო სიუჟეტი მოამზადეს.