საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა - ასე ეწოდება UNDP-ის და ACT-ის მიერ ჩატარებულ კვლევას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,400 საქართველოს მოქალაქე, 29 სახელმწიფო უწყების 831 საჯარო მოხელე, თვისებრივი მონაცემების მოპოვების მიზნით, ჩატარდა ფოკუსური ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები.
აღმოჩნდა, რომ შესრულებული სამუშაოსთვის მიღებული ანაზღაურებით კმაყოფილება საჯარო სამსახურებში დაბალია - გამოკითხულ საჯარო მოხელეთა მხოლოდ 28% აცხადებს, რომ კმაყოფილია თავისი ანაზღაურებით მაშინ, როდესაც რესპონდენტთა ნახევარი 51% აღნიშნულ დებულებას არ ეთანხმება. მათ შორის, განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილთა წილი 21%-ს შეადგენს. გამოკითხული საჯარო მოხელეები არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევენ მიღებულ ანაზღაურებას მათ კვალიფიკაციასთან და შესრულებული სამუშაოს ხარისხთან შესაბამისობის კუთხითაც - ამ შემთხვევაშიც გამოკითხულთა ნახევარი (51%) არსებულ ანაზღაურებას მათი სამუშაოსთვის შეუსაბამოდ მიიჩნევს და მხოლოდ 29% თვლის, რომ ხელფასი მის კვალიფიკაციას შეესაბამება.
ამასთან გამოკითხულთა მხოლოდ ნახევარი (46%) თვლის, რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამის აღიარებას იღებს, მათ შორის მხოლოდ 14% ეთანხმება აღნიშნულ დებულებას სრულად, 29% კი თვლის, რომ სამსახურში აღიარებას ვერ იღებს. აღიარების დაბალი აღქმის მიუხედავად, გამოკითხულ საჯარო მოხელეთა დიდი უმრავლესობა 78% ამაყობს იმ სამუშაოთი, რომელსაც ასრულებს. რესპონდენტთა მხოლოდ 7% ამბობს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო არ იწვევს მასში სიამაყის შეგრძნებას. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლების დიდ ნაწილს (76%) მოსწონს თავისი სამუშაო და მხოლოდ 6% მიიჩნევს არამიმზიდველად იმ სამუშაოს, რომელსაც ასრულებს.