Home
Category
TV Live Menu

განათლების სამინისტრო გერმანული საგანმანათლებლო სისტემის ამოქმედებას მეღვინეობის დარგით იწყებს

57de33f8bd0d9
BM.GE
18.09.16 10:25
1068

საქართველოში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე ირკვევა, რომ მთელ რიგ დარგებში კვალიფიციური კადრების დეფიციტია. კომპანიები ამტკიცებენ, რომ ხშირ შემთხვევაში ვაკანსიებს აცხადებენ, თუმცა პროფრესიონალ თანამშრომლებს ქვეყნის მასშტაბით მაინც ვერ პოულობენ. ბოლო წლების განმავლობაში პროფესიული სასწავლებლებისადმი საზოგადოების ინტერესი ეტაპობრივად იზრდება, თუმცა, როგორც კოლეჯებში აცხადებენ, არა მოთხოვნის შესაბამისად. რომელ დარგებშია კადრები დეფიციტური და რამდენად მზარდია მოთხოვნა პროფესიული კოლეჯებზე,-თემაზე განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი საუბრობს.



- გერმანულ მოდელზე დისკუსია იყო, რისკი რომ გამოვრიცხოთ, ახსენით აღნიშნული მოდელის უპირატესობა?

-გერმანული მოდელი მართლაც ძალიან საინტერესოა და ავხსნი რას გულისხმობს: ეს არის მოდელი, როდესდსაც სტუდენტს პარალელურ რეჟიმში შეუძლია ისწავლოს და იმუშაოს. ეს ძალიან საინტერესო მოდელია და ვფიქრობთ, რომ ის საქართველოს მოქალაქეებისათვის მიმზიდველი იქნება, ახალგაზრდებისათვის, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილების მიღებაც აინტერესებთ. თეორიული ცოდნა ბუნებრივია, სამუშაო ადგილზე საჭიროა, მაგრამ სრულყოფილი, რა თქმა უნდა, არ არის. ეს მიდგომა პროფესიული განათლების სფეროში დაინერგება. ჩვენ წელს უკვე მზად ვართ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით სამი მიმართულების პროგრამა დავნერგოთ. გერმანული და შვეიცარიული მოდელების მიხედვით სოფლის მეურნეობის დარგში საპილოტე რეჟიმი უნდა დავიწყოთ. კონკრეტულად მეღვინეობის მიმართულებაზეა საუბარი, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა. საკმაოდ ძლიერი მეღვინეები გვყავს. ძალიან პრესტიჟული ღვინის კომპანიები არიან სწორედ პროფესიული სასწავლებლების პარტნიორები.

-კომპანიები ცდილობენ რომ თვითონ ჩაერთონ კადრების გადამზადების პროცესში და დღესდღეისობით რამდენი კომპანიაა ასეთი?

-კომპანიების აქტიურობა მართლაც შეინიშნება. შრომის ბაზრის მოთხოვნები საპასუხოდ არ იყო პროფესიული განათლების სისტემა მოწყობილი, ანუ მის გამოსწორებასა და შეცვლაზეა ახლა აქცენტი გაკეთებული. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ საუბარი ბიზნესთან, მათი პროფესიულ განათლებაში ჩართულობის პროცესზე. მარტო მეღვინეობაში 15-მდე კომპანიაა და კიდევ ძალიან ბევრი კომპანიაა სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც დაინტერესებული არიან ინვესტიციის ჩადებითაც და გარკვეულწილად ისინი მზად არიან, რომ სტუდენტებს სტიპენდიაც კი გადაუხადონ იმისათვის, რომ მათ გზის ხარჯების დაფარვა შეძლონ.

-გერმანული მოდელი ბიზნესის ჩართულობას თუ უზრუნველყობს, მოტივაციას რა სახით აძლევს?

-ეს არის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობა, სადაც მეტნაკლებად თანაბრად ხდება ხარჯების გაყოფაც კი. მიზანი სწორედ ის არის, რომ ის კადრი მომზადდეს, რომელიც ბიზნესს სჭირდება და იმ კვალიფიკაციის კადრი, რომელსაც ის დაასაქმებს. შრომის ბაზრის მოთხოვნებთან აცდენა არ იყოს მიწოდების თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ ამით პროფესიული განათლების ხარისხიც ბევრად უფრო გაუმჯობესდება.

-ბიზნესი რამდენად არის დაინტერესებული, რომ გადამზაადების შემთხვევაში რა რესურსსაც დახარჯავს, მას სხვა კომპანია უკეთეს პირობებს არ შესთავაზებს?

-ბიზნესში კონკურენცია, რა თქმა უნდა, არის, ყოველთვის იქნება და კადრი იქ წავა, სადაც უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, მაგრამ ჩვენი მხრივ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც გავაკეთეთ არის ის, რომ სხვადასხვა ბიზნესის ჩართულობით სწორედ ამ სტანდარტებს ვამუშავებთ, რომელიც მათ მაღალი ხარისხის საბაზო განათლებით უზრუნველყოფს. ანუ ყველა თანხმდება, თუ როგორი უნდა იყოს იმ პირის საბაზო განათლება. შესაძლოა, ბიზნესმა დაამატოს რაღაც კონკრეტული სპეციფიკა საკუთარი პროდუქციისა და სერვისების მიმართულებით.

-რაიმე გარანტია თუ არსებობს, რომ ბიზნესი, რომელიც თანხას დებს შემდეგ ამ პროცესს არ გამოეთიშება და ის იმ კადრს მიიღებს, რომლისთვისაც თანხას იხდიდა?

-ეს საკითხები თვითონ ბიზნესების ჩართულობით დეტალურად მუშავდება. ასევე კრიტერიუმებიც მუშავდება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იმ კომპანიებს არჩევს, რომლებთანაც თანამშრომლობას დაიწყებს პროფესიული განათლების განვითარებისა და მათი ჩართულობის კუთხით. შესაბამისად, ეს რისკები სრულად გათვალისწინებული იქნება და აღმოფხვრილიც.

-ახალგაზრდები როგორ უნდა დავაინტერესოთ ამ ყველაფრით?

-ჩვენ ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს და მესამე წელია კვლევას ვაკეთებთ და თუ გადავხედავთ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულების კვლევას, დავინახავთ, რომ აქ პროფესიული განათლების კუთხით დამსაქმებლის მხრიდან მოთხოვნა სწორედ ისეთ პროფესიებზეა, როგორიც არის მაგალითად კომპიუტერული მიმართულებები, ტექნოლოგიები, ბუღალტერი, ბანკის მოლარე ოპერატორი და აღსანიშნავია, რომ პოპულაური ხდება სოფლის მეურნეობის მიმართულებებიც და ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსების პროგრამებთან არის დაკავშირებული, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. ასევე საინტერესოა ბაგა-ბაღის აღმზრდელის პროგრამაც, რომელზეც მოთხოვნა მაღალია. თუმცა სტუდენტების მხრიდან პროფესიულ განათლებაში ყველაზე მაღალი ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართულებით აღინიშნება.

-ადამიანებს სად შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, სად არის თავისუფალი ბაზრები, სად აქვთ გადამზადების საშუალება და ამ შემთხვევაში ვინ არის ვინ არის მოდერატორი დასაქმების მსურველებსა და დამსაქმებელს შორის?

-ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, რომელიც დასაქმების მაძიებლებთან მუშაობს და მათ სხვადასხვა ალტერნატივას სთავაზობს. დასაქმების მაძიებელს შეუძლია www.worknet.gov.ge- ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს, რომელიც ღია პორტალია და ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს. გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიწყებთ პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, რომელიც 3-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და დაინტერესებულ პირებს მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი პირადობის მოწმობით შეუძლიათ ნებისმიერ რესურს ცენტრში, პროფესიულ სასწავლებელში ან უმაღლეს სასწავლებელში მივიდნენ, რომელიც პროფესიული განათლების პროგრამას ახორციელებს. დაინტერესებულ პირს შეუძლია ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს, არჩევანი გააკეთოს და პროფესიას დაეუფლოს.



Subscribe to our news

Get the main news of the day