ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხი“ ნაბეღლავის ჩამომსხმელ კომპანია სს „წყალ მარგებელთან“ ერთობლივ წარმოებას იწყებს.
კომპანია „წყალ მარგებელს“ 2017 წელს 20 წელი შეუსრულდა, ამ საიუბილეო თარიღს ემთხვევა გურიაში, სოფელ ნაბეღლავში, კომპანიის ახალი, მრავალპროფილური უალკოჰოლო სასმელების ქარხნის გახსნა რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
„განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც ქვეყანაში ასეთ თანამედროვე უმაღლესი სტანდარტის საწარმოს ვხსნით. მინდა მივესალმო საზოგადოებას, ჩვენს სტუმრებს და კომპანია რაუხის წარმომადგენლებს, ასევე ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოს წევრებს და მთავრობის წევრებს. ყველაზე მეტად ეს დღე მინდა ადგილობრივ მაცხოვრებლებს მივულოცო, იმ ადამიანებს ვინც ამ საწარმოში ქართული ინდუსტრიული პოტენციალი უნდა ააშენოს.
ასეთი საწარმოები თუ გაიხსნება შემიძლია რამდენიმე დღე და მეტიც ვიჯდე მზის ქვეშ, ეს ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ასეთ მიღწევას ვხედავთ ქვეყანაში, მინდა წყალ მარგებელს 20 წლის იუბილე მივულოცო.
მახარებს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე მთელ კომპლექსთან და შეგვიძლია ვთქვათ რომ 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღებია გაშენებული და გეგმაშია რომ ის 500 ჰა-ზე ავიდეს. კომპანია იქნება ორიენტირებული ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.