სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და აგრარული დარგის განვითარების 2017 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. „განვლილი ოთხი წელი სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით გარდამტეხი იყო. 2014 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და მკაფიოდ განსაზღვრა ხედვა, რაც კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს; სამინისტროს მიერ ასევე განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაც, რომელიც განვითარების სტარტეგიასთან სრულ თანხვედრაშია. მოგეხსენებათ, სახელმწიფომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განახორციელა. ყველა განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებით, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შევძლოთ აგარარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობა და წარმოების ზრდის წახალისება, რითაც ჩვენ ხალხს კეთილდღეობას შევუქმნით“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებისთვის სამინისტრო ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურენო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას.