Home
Category
TV Live Menu

გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდის ახალი ფუნქცია - გაიგეთ, სად არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი

5896d6e9e1184
BM.GE
05.02.17 13:00
1251
გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს meteo.gov.ge ახალი ფუნქცია დაემატა, სადაც პრაქტიკულად ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელია გარემოს დაბინძურების შესახებ ინფორმაციის მიღება. აღნიშნულ თემასა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვის მე-6 ეტაპის შედეგებზე "საქმიან დილასთან?" გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია საუბრობს.

-ქალბატონო თამარ, თქვენი სააგენტოს ვებ-გვერდის ახალი ფუნქცია გაგვაცანით...

-გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ჰაერის დაბინძურების შესახებ ინფორმაციას ჩვენ უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ვანთავსებთ. ვინაიდან ეს საკმაოდ რთული მაჩვენებლები და გარკვეული სტატისტიკური დამუშავებაა, ჩვენ უკვე მიღებულ და დათვლილ ინფორმაციას ვანთავსებთ და ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ეტაპზე საათების მიხედვითაც კი შეუძლიათ სხვადასხვა დამაბინძურებლების შესახებ ნახონ ინფორმაცია და გარდა ინფორმაციისა, ქვემოთ ჩანს ჩვენს მიერ დამუშავებულ სტატისტიკაც, ტექნიკური ინფორმაცია, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აღემატებოდა ესა თუ ის დამაბინძურებელი საქართველოსა და ევროკავშირის ნორმებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ძალიან მარტივი დიაგრამაა, სადაც ზღვრულად დასაშვები ნორმაა მოცემული. აღნიშვნებია წითელი ხაზებითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ წითელ ხაზამდე ზღვრულად დასაშვები ნორმის ფარგლების მონაცემებია, ხოლო თუ დიაგრამა წითელ ხაზს გასცდა ეს უკვე ზღრულად დასაშვები ნორმის გადაჭარბებაა. ზოგ შემთხვევაში ორი ზღვარია, როგორც საქართველოს რეგულაცია, ასევე ევროკავშირის. მომხმარებელს რომ გაუადვილდეს ვაპირებთ, ინფორმაცია ინფოგრაფიკის გარდა, თხრობითი ფორმითაც მივაწოდოთ. გარდა ჰაერის ყოველდღიური დაბინძურების ინფორმაციისა, აქვე განთავსებულია გარემოს მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური ბიულეტინი, სადაც უფრო მრავლისმომცველი ინფორმაციაა. მაგალითად, ზედაპირული წყლების, რადიაციულ გამოსხივების, ინდიკატორული გაზომვების, ნიადაგების მონიტორინგის და სხვა მონაცემები.

ინდიკატორული გაზომვის შედეგები ჩვენს ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ამის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. დღესაც სამწუხაროდ, მელიქიშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ქუჩების გადაკვეთა დაბინძურების კუთხით პირველი კერაა დედაქალაქში და ამავე წერტილში, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ბენზოლიც დავამატეთ და სამწუხაროდ მისი მაჩვენებელიც ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ამ ტერიტორიაზე კვლევებს აუცილებლად გავაგრძელებთ. თბილისში 20-მდე წერტილში გავაკეთეთ კვლევა და ყველაზე კარგი მდგომარეობა ისევ და ისევ, როგორც წინა კვლევებში, დიდ დიღომშია. ასევე კარგი შედეგებია პეტრიწის ქუჩაზე, ქავთარაძე-პოლიტკოვსკაიას ქუჩების გადაკვეთაზე, გორგასლის ქუჩასა და ჭოროხის ქუჩის გადაკვეთაზე. თუ სხვა მუნიციპალიტეტებზე გადავალთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია დამაბინძურებლები. ოზონის კონცენტრაციაც დავამატეთ და სხვადასხვა ქალაქებში გამოვიკვლიეთ.

ზოგადად 4 დამაბინძურებელს ვზომავთ, მაგრამ ფინანსური რესურსების ზრდის პარალელურად წერტილებისა და დამაბინძურებლების რაოდენობას ვზრდით.
მაგალითად, ადრე აღნიშნულ წერტილში ოზონის შესახებ კვლევა არ ჩატარებულა და დღეს ეს მონაცემი უკვე გვაქვს, რომელიც ნორმის ფარგლებშია. გოგირდის დიოქსიდს რაც შეეხება, ამ მხრივ, აბსოლუტურად მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, რადგან გადაჭარბება არც ერთ წერტილში არ დაფიქსირებულა.
ყველაზე მაღალი კონცენტრაციები და გადაჭარბებები მტვერთან დაკავშირებით გვაქვს. წერეთლის გამზირზე 30 დღის მონაცემით ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ნორმას 3,3-ჯერ აღემატებოდა. ყაზბეგის გამზირზე შედარებით უკეთესი ვითარება იყო და 11-დღის მონაცემი აღემატებოდა ნორმას და მაქსიმუმი 1,9-ჯერ იყო, ხოლო ვარკეთილში ნორმაზე გადაჭარბება ასევე 11 დღის განმავლობაში დაფიქსირდა და მტვრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2,6-ჯერ აღემატებოდა. მომხმარებელს ყოველდღიურად შეუძლია ჩვენს ვებ-გვერდზე თბილისის სადგურებიდან განახლებული ინფორმაცია მიიღოს.

-ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შედეგებით სადმე თუ არის გაუმჯობესებული მდგომარეობა?

-გარკვეული დინამიკა ერთფეროვანია, რაღაც არსებითი გაუმჯობესება ამ მხრივ, არ ფიქსირდება. პრობლემა საკმაოდ კომპლექსურია და არაფერი ისეთი პროცესი არ მომხდარა, რომ აღნიშნულზე არსებითი გავლენა მოეხდინა და ამიტომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე დინამიკა დაახლებით იგივეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გაუარესების კერები არ გავქვს. ვინაიდან კვლევები ახალი დაწყებულია, ჩვენ ძიების პროცესში ვართ, რომ ქვეყანაში ყველაზე მაღალი რისკის ზონები აღმოვაჩინოთ, სადაც შემდეგ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება.


Subscribe to our news

Get the main news of the day