თურქეთი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებებს პირდება. „თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და მეტი ქართული პროდუქტის წარმოდგენა გვსურს თურქულ ბაზარზე", - აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 17 თებერვალს სტამბოლში გაიმართა, - თემის დეტალებით გადაცემაში "ბიზნესკონტრაქტი" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე საუბრობს.
- ბატონო გენადი, რა იგულისხმება თურქეთის მიერ დაანონსებულ ცვლილებებში, აქვს თუ არა ეკონომიკის სამინისტროს კონკრეტული შეთავაზებები?
- ჩვენ ერთი კვირის წინ ვიმყოფებობით მინისტრთან ერთად თურქეთში, სადაც სამმხრივი ბიზნეს-ფორუმი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაიმართა, რომელსაც თურქული მხარე მასპინძლობდა. მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. მათ შორის, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და ინდუსტრიის და ინოვაციების მინისტრთან. ერთ-ერთ ძირითად თემა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმდინარე მოლაპარალებები იყო.
აღნიშნული მოლაპარაკებები ჩვენ დაახლოებით ექვსი თვის წინ განვაახლეთ, როდესაც ორივე მხარემ გადავწყვიტეთ, რომ ეს აუცილებელია რათა ვაჭრობას უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და უფრო განვავითაროთ ის პოტენციალი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.
საჭიროა რომ გარკვეულ პროდუქციაზე სატარიფო ბარიერი, თურქეთის მხრიდან მოიხსნას.
- ამ ფორუმზე თუ იყო სავაჭრო ურთიერთობების კუთხით საუბარი. მაგალითად, იანვრის წინასწარი მონაცემები გვაქვს საგარეო ვაჭრობის და თურქეთთან ექსპორტის წილი 9% იყო, როდესაც იმპორტის 14,8% იყო - ეს როგორ უნდა დაბალანსდეს?
- მთავარი ამ კუთხით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებია. 2008 წლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაშია, თუმცა ამ კუთხით გარკვეული სატარიფო შეზღუდვები, სოფლის მეურნეობის გარკვეულ პროდუქციაზე ბარიერები არსებობს. შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ახალი შეთანხმების ფარგლებში, ამ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, მივაღწიოთ თურქეთის მხარესთან იმას, რომ დაწესებული ტარიფები მოიხსნას. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების ერთ-ერთ მთავარ ნაწილს მოიცავს მომსახურებით ვაჭრობა, ლიბერალიზაცია, რომელიც აქამდე ამ შეთანხმების ნაწილი არ იყო. ესეც სიახლეა და თუ ჩვენ თურქეთის მხარესთან მოვილაპარაკებთ, აღნიშნულ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაც დაემატება. ეს მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, ამჟამად სამუშაო პროცესია და მათთან მოლაპარაკებების ორი რაუნდი უკვე გაიმართა. გავცვალეთ პოზიციები, ქართულმა მხარემ მიაწოდა თუ რომელ პროდუქციაზე კონკრეტულად რა ტიპის შეღავათს ელოდება თურქეთისგან და ახლა მათ პოზიციას ველოდებით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწრაფად ვპოროგრესირდებით მოლაპარაკებებში და თურქული მხარე რამდენად მოქნილი იქნება.
- რამდნეიმე კვირის წინ ჩვენთან საუბრისას თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარემ თურქეთში ვიზიტისას ეროვნულ ვალუტაში ვაჭრობაზე ისაუბრა. თქვენ შეხვედრაზე თუ დაისვა ეს საკითხი და იქნა განხილული?
- არც ორმხრივ და არც მრავალმხრივ შეხვედრაზე, სადაც სამი ქვეყნის მინისტრს ჰქონდა შეხვედრა, მსგავს ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ არ ვიცნობთ დეტალებს, თუ რა მოიაზრება აღნიშნულ განცხადებაში. მსგავსი დეტალები თურქულ მხარესთან არასდროს განგვიხილავს. როდესაც ამ კონკრეტულ საკითხს წარმოადგენენ, ჩვენ მზად ვართ იმ დეტალების განსახილველად, რასაც ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობა მოიცავს.