ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგიის მოხმარების ზრდის კვალობაზე საქართველომ ე.წ ინდუსტრიული ტყეების განვითარება უნდა დაიწყოს.
როგორც მარიამ ვალიშვილმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, სათბობი მიზნებისთვის შეშის გამოყენება როგორც ეკოლოგიური, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არასახარბიელოა, რის გამოც მიდგომების შეცვლაა საჭირო.
"დღეს ასე აღიქმება, რომ სათბობი მიზნებისთვის შეშის რესურსი ყველაზე იაფია, მაგრამ ყველა ხარჯს - როგორც ეკოლოგიურს, ისე ინფრასტრუქტურულს თუ გავაერთიანებთ, ვნახავთ, რომ ეს გათბობისთვის ყველაზე იაფი რესურსი არ არის. შეშის მოხმარებაზე წნეხის შესამცირებლად გაზიფიკაციის ინტენსიურ პროექტს ვახორციელებთ, თუმცა დინამიკაში დავაფიქსირეთ, რომ ბუნებრივ აირს გათბობისთვის რეგიონში მაინც არ იყენებენ - მისი დანიშნულება ძირითადად საკვების მომზადებასა და ცხელი წყლის გამოყენებაში გამოიხატა", - განაცხადა ვალიშვილმა.
მისივე თქმით, გარკვეული დასახლებების გაზიფიკაცია იმდენად ძვირი ჯდება, რომ სჯობს იქვე, თემთან ახლოს ტერიტორია გამოიყოს და ე.წ ინდუსტრიული ტყეები გაშენდეს.
"სადაც ადვილად იყო ხელმისაწვდომი ტერიტორია, იქ პრაქტიკულად ყველგან ათვისებულია საშეშე მერქანი. ამიტომ ვფიქრობ, ხელოვნური ტყეების თემის განხილვა საჭირო იქნება. ახლა ვმსჯელობთ. მე გარკვეულ ტერიტორიებზე ამ სამრეწველო ტყეებში პოტენციალს ვხედავ. ვერ ვიტყვი, რომ ეს ბუნებრივი აირის ალტერნატივა იქნება, მაგრამ ეს არის კარგი საშუალება ადგილობრივი, სუფთა რესურსის გამოყენების და გარდა ამისა, დასაქმების საჭიროება გაჩნდება, რადგან ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფოს ამ მიმართულებით ინვესტიციის განხორციელება უღირს.
"შეშაზე მოხმარება იზრდება, მაგრამ ჩვენი ტყის რესურსს ამის დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს. ეს მხოლოდ მისი დეგრადაციის ხარჯზე ხდება“, - აღნიშნა მან.
როდის მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას ინდუსტრიული ტყეების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია.