2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჯამური ბიუჯეტი 349 მლნ ლარამდეა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე მცირდება და „ცვლილებების ახალ ტალღას“ სწორედ ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეწირება.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს", მაგრამ მთავრობის მეთაურს საგანგებო ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით, რამდენი მილიონი ლარით და რამდენი პროცენტით შემცირდება ადმინისტრაციული დანახარჯები 4 სამინისტროს გაუქმების შედეგად.
სწორედ ამიტომ, "საქმის კურსი" დაინტერესდა, რამდენი თანამშრომელია დასაქმებული აღნიშნულ 4 სამინისტროში, რომელთა გაუქმება და სხვა სამინისტროებთან შერწყმა რამდენიმე კვირაში დასრულდება.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროსთვის ბიუჯეტში 131 მლნ ლარია ჩადებული; მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის 2 მლნ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული, მომუშავეთა რიცხოვნობის გრაფაში კი მითითებულია - 135; თუმცა როგორც „საქმის კურსს“ ენერგეტიკის სამინისტროში უთხრეს, 2017 წლის 13 ნოემბერის მდგომარეობით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში დასაქმებულია 82 თანამშრომელი, მათ შორის 12 - შრომითი ხელშეკრულებით.
როგორც გავარკვიეთ, 346 თანამშრომელია დასაქმებული სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, რომლის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 168 მლნ 700 ათასი ლარითაა განსაზღვრული, მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის - 4 მლნ 215 ათასი ლარი.
ცვლილებების ახალ ტალღას ეწირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ის უერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ვიქტორ დოლიძის უწყების ბიუჯეტი 2 მლნ 950 მლნ ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 1 მლნ 510 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატში "საქმის კურსს" უთხრეს, შტატიან თანამშრომელთა რიცხვი 53-ს შეადგენს, ხელშეკრულებით კი - 9 თანამშრომელია დასაქმებული.
რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, რომლის ფუნქციებს ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები გადაინაწილებენ, ამ უწყების დაფინანსებისთვის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში 45 მლნ 975 ათასი ლარია გათვალისწინებული, მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის - 21 მლნ 521 ათასი ლარი. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, უწყებაში ჯამურად, (აქ შედის სამინისტროს ყველა სიპი) როგორც - შტატში, ისე - ხელშეკრულებით 2 398 თანამშრომელია დასაქმებული.
ცნობისთვის: მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, აღნიშნული უწყებების შერწყმა-გაერთიანება პარლამენტის მიერ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცების შემდეგ მოხდება.