Home
Category
TV Live Menu

გასულ წელს, კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა პრეტენზიების რაოდენობა 5,9%-ით გაიზარდა

590829ab68a48
BM.GE
02.05.17 10:39
934
2016 წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში დაფიქსირდა 2 857 პრეტენზია, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 5.9 პროცენტით მეტია. ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, სრულად განხილული პრეტენზიებიდან ბანკების მიერ მხოლოდ 19.6 პროცენტი ჩაითვალა საფუძვლიანად და მათი გადაწყვეტა მომხმარებლის სასარგებლოდ მოხდა. აღნიშნული მაჩვენებელი, თავის მხრივ, 26.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

2012-2016 წლების პრეტენზიების დინამიკა მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, კლებადია საფუძვლიანი პრეტენზიების რაოდენობა. აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვებით, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ბანკებში პრეტენზიების დაფიქსირებასთან დაკავშირებული ბარიერებითაც (მაგალითად, კომერციული ბანკის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებაზე უარის თქმა).

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება. საყურადღებოა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების წილიც, რომელიც საშუალოდ 14 პროცენტს შეადგენს.

„მომხმარებლების პრეტენზიები ხშირად განპირობებულია პროდუქტების და მათთან დაკავშირებული გადასახდელების აღქმის სირთულეებით, თუმცა, დროთა განმავლობაში, როგორც მომხმარებლები, ისე კომერციული ბანკის თანამშრომლებიც, პროდუქტებთან ადაპტირებას ახდენენ. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს დაკვირვება, თუ რამდენად ზრუნავენ კომერციული ბანკები მომხმარებლებზე. ამასთან, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ფინანსური განათლების საჭიროება და მის სარგებლიანობაზე ცნობიერების ამაღლება როგორც მოსახლეობაში, ისე ფინანსური სექტორის წარმომადგენლებში“, - განმარტავენ როვნულ ბანკში.



Subscribe to our news

Get the main news of the day