საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2016 წელს 5856 საქმიანობა დარეგისტრირდა. მათ შორის 3229 საქმიანობა საპარიკმახეროებისა და სილამაზის სალონების მომსახურებას უკავშირდება.
როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის წარმოება სააგენტომ 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილამაზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების სავალდებულო რეგისტრაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, ინფექციების პრევენციისა და სანიტარული ნორმების დაცვის მიზნით ხორციელდება. ცვლილების შესაბამისად, ინფექციების პრევენციის მიზნით, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრები 1-ელ ოქტომბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.