გასულ წელს, წინა წელთან შედარებით ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა 7.3%-ით, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 11.9%-ით. სემეკის ინფორმაციით, 2006-2016 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველ– წლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ იზრდება 4.5%-ით, რაც მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული ელექტრო- სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული.
ამასთან, როგორც უწყების წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, სტაბილურად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. 2016 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით 6.2%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წელთან შედარებით – 8.4%-ით.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2006-2016 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 3.5%-ით იზრდება, რაც ნაკლებია ელექტროენერგიის წარმოების ზრდის ტემპთან შედარებით და მცირედით, მაგრამ მაინც ზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს“, - განმარტავენ სემეკში.