ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულთა შორის ქალების რაოდენობა კაცებისას სჭარბობს. ცესკოს მონაცემებით, 3 მილიონ 513 ათასი ამომრჩევლიდან 53,76%-ს ქალები შეადგენენ, 46,24%-ს კი მამაკაცები.
რაც შეეხება პარტიებს, ამ შემთხვევაში გენდერული ბალანსი დაცული არაა. პროპორციული და მაჟორიტარული სიით წარდგენილი ქალი კანდიდატების რაოდენობა წარდგენილი მამაკაცების რაოდენობას მკვეთრად ჩამორჩება.
მაჟორიტარებად წარდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ 17,52%-ს შეადგენენ ქალები, 82,48% კი მამაკაცია.
რაც შეეხება პროპორციულ სიას, ამ შემთხვევაში ვითარება შედარებით განსხვავებულია, წარდგენილ კანდიდატთა შორის 37%-ია ქალი, 63% კი მამაკაცი.
გენდერული ბალანსი სრულად დაცულია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებში. ამ შემთვევაში ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა 50-50%-ზეა.
ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებში ქალები ჭარბობენ - 67,38%-ით, პრესის წარმომადგენლების შემთხვევაში კი მამაკაცები მეტნი არიან, ვიდრე ქალები.
მედიასაშუალებების წარმომადგენელ მამაკაცთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნებს აშუქებენ, 61,34%-ია, ქალების კი 38,66%.