თბილისის დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი მათ დაჯარიმებასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. როგორც „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ არქიტექტორმა, დოკუმენტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ Bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, თბილისის მერიის მიერ ორგანიზაციისთვის დაკისრებული ჯარიმა ძირითადად დოკუმენტის მე-6 ეტაპის ფარგლებში მუშაობას შეეხება.
„გენერალური გეგმის ხუთი ეტაპი შენიშვნების გარეშე დავასრულეთ. მათ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. არაერთხელ თქვეს, რომ მათთვის დოკუმენტი მისაღები იყო.
გეგმის მე-6 ეტაპზე კი ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, სადაც ერთ-ერთი მიმართულება ქალაქის ზონირებას ეხება. მათ სურთ, რომ ზონის სახეობები უფრო კონკრეტული საზღვრებით გავაკეთოთ. გენერალური გეგმა კი კანონით, უფრო ზოგადი ხასიათის რუკების დამუშავებას ითხოვს. ჩვენ ამ საკითხებზე მერიის ხელმძღვანელობასთან ხვალ გვექნება შეხვედრა“, - განაცხადა ბოლქვაძემ და დასძინა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მედიისთვის უფრო დეტალურ განმატებებს გააკეთებს გენერალური გეგმის ჯგუფი როგორც მერიის შენიშვნებთან და ჯარიმის საფუძველთან, ისე საკუთარ არგუმენტებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე არქიტექტორი არ აზუსტებს, გენერალურ გეგმაზე მუშაობის მე-6 ეტაპი რას ეხებოდა და ეს ეტაპი კახა კალაძის მერად არჩევის შემდეგ დაიწყო, თუ არა.
დავით ნარმანიას მერობის პირობებში დოკუმენტმა საჯარო განხილვები გაიარა და საკრებულოში დასამტკიცებლად მზად იყო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი "სითი ინსტიტუტი" 140 ათასი ლარით დააჯარიმა. Bm.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მერიამ კომპანიას გარკვეული შენიშვნები გადაუგზავნა, რომლის გამოსასწორებლადაც ვადა მისცა, თუმცა, „სითი ინსტიტუტმა“ შენიშვნები არ გამოასწორა.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ამის გამო კომპაია დაჯარიმდა, თუმცა, შენიშვნების გამოსასწორებლად დამატებით 10-დღიანი ვადა მიეცა.
დეტალებზე, თუ რა შენიშვნების ჰქონდა გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიას, უწყებაში არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია თავად „სითი ინსტიტუტს“ აქვს.