Home
Category
TV Live Menu

გერმანიაში დამზადებულ პროდუქციას ყველაზე მეტი ადამიანი ენდობა

5a966556dd036
BM.GE
28.02.18 12:14
863
რეგიონში, რუსეთსა და მოლდოვაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად ადამიანები გერმანული წარმოების პროდუქციას ენდობიან. თითოეულ ქვეყანაში 1200-მა რესპონდენტმა უპასუხა ამ კითხვას.

გამოკითხული ქვეყნებიდან მოლდოვა ერთადერთია, სადაც რესპონდენტების უმრავლესობა (31%) ამბობს, რომ არც ერთი ქვეყნის წარმოებას არ ენდობა. დანარჩენი ნაწილიდან, რომელიც რომელიმე ქვეყანას ასახელებს, უმეტესობა გერმანიაში დამზადებულ ნივთებსა და პროდუქტს იყიდდა (27%).

ქართველებიც (44%) და რუსებიც (28%) ყველაზე მეტად გერმანული წარმოების პროდუქტების/ნივთების ხარისხს ენდობიან.

აზერბაიჯანელები თურქულს (41%), სომხები კი რუსული (34%) და გერმანული (33%) წარმოების პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების პროდუქციასაც ქართველების დიდი ნაწილი იყიდდა, ასე გამოიყურება: გერმანია, რუსეთი, აშშ, იაპონია და საფრანგეთი.

გერმანია სანდო მწარმოებელი ქვეყანაა არა მხოლოდ ამ კვლევის ფარგლებში მონაწილე ხუთი ქვეყნის შეფასებით. როგორც აღმოჩნდა, გაცილებით ფართო მასშტაბითაც, გერმანიას ხარისხიანი პროდუქციის დამამზადებელი ქვეყნის იმიჯი აქვს. 2017 წელს სტატისტიკისა და მარკეტინგული კვლევების ორგანიზაციის - სტატისტას (Statista) მიერ 52 ქვეყანაში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის შედეგადაც, რესპონდენტების მიერ ყველაზე სანდო მწარმოებელ ქვეყნად გერმანია დასახელდა.

IPM კვლევა

Subscribe to our news

Get the main news of the day