2015 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოში, მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დუალური განათლების სისტემის დანერგვაზე მუშაობა დაიწყო.
დუალური განათლების კონცეფცია, რომელიც პროგრამის ფარგლებში მომზადდა, საქართველოში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში მევენახეობა-მეღვინეობის სამწლიანი პროგრამის - მეხუთე დონის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ეს დრო საწარმოში პრაქტიკულ სწავლებასა და პროფესიულ კოლეჯში თეორიულ ლექცია-სემინარებს დაეთმობა.
ამ ეტაპზე, პროგრამაში ღვინის მწარმოებელი ათამდე კომპანიაა ჩართული, რომლებიც მზად არიან, ითანამშრომლონ პროფესიულ კოლეჯებთან - დაუთმონ თავიანთი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსები საქართველოში დუალური განათლების დანერგვას. ეს კომპანიებია - შუხმან ვაინს ჯორჯია, კორპორაცია ქინძმარაული, ღვინის კომპანია შუმი, შატო მუხრანი, ბაგრატიონი 1882, მეღვინეობა ხარება, მარანული და სხვები.
კონცეფციის მომზადებაში საქართველოს მხრიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, იყო ჩართული, ასევე მისი სტრუქტურული ერთეულები და პროფესიული კოლეჯი - აისი, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის მოდულური პროგრამა უკვე მოქმედებს. გერმანულ მხარეს წარმოადგენს პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია - ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (LWG), რომელიც ამ პროფილის უნიკალური ინსტიტუტია ბავარიის მხარეში.
გერმანიაში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში დუალური განათლების საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს ცენტრის მევენახეობის განყოფილების ხელმძღვანელთან, ბატონ გეორგ ბაეტცთან.
- ბატონო ბაეტც, რა კულტურულ და ისტორიულ გამოცდილებას ეფუძნება დუალური განათლების სისტემა გერმანიაში?
- დუალური განათლების მთავარი არსი ისაა, რომ სტუდენტი იღებს არამხოლოდ თეორიულ, არამედ - პრაქტიკულ ცოდნასაც, უშუალოდ, სამუშაო გარემოში. ამ თვალსაზრისით გერმანიის დუალური განათლების სისტემა, ჯერ კიდევ, შუა საუკუნეებიდან - ხელოსანთა გილდიებიდან, ოსტატებისა და შეგირდების ინსტიტუტიდან იღებს სათავეს. შეგირდები 3-5 წლის მანძილზე ოსტატებისგან სწავლობდნენ პრაქტიკულ მუშაობას, ასევე, დამატებით ივითარებდნენ ისეთ საჭირო უნარებს, როგორიცაა კალკულაცია, წერა და სხვ.
- რით განსხვავდება ეს მოდელი პროფესიულ სასწავლებელში სრული დატვირთვით სწავლისგან?
- დუალური განათლების შემთხვევაში, სტუდენტი, გარდა იმისა, რომ პროფესიულ სასწავლებელში იღებს თეორიულ ცოდნას, რეალურ სამუშაო გარემოში - საწარმოში - იძენს პრაქტიკულ უნარებს.
30 წლის წინ, ბოლივიაში მომიწია მუშაობა. სოფლის მეურნეობის სფეროში იქაური სწავლების სისტემა ასეთი იყო - სტუდენტებს ჰქონდათ ამომწურავი თეორიული ცოდნა ამა თუ იმ თემების გარშემო, თუმცა ისინი პრაქტიკული კომპეტენციებით არ იყვნენ აღჭურვილნი. მათ არ შეეძლოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, რადგან ისინი შემსრულებლები და სხვა ადამიანებზე დამოკიდებულნი იყვნენ.
გერმანიაში კი შემდეგი მოდელი მოქმედებს - პროფესიულ სასწავლებელში სტუდენტი იღებს ზოგად განათლებას მშობლიურსა და უცხო ენებში, მათემატიკაში და სხვ., რაც სამომავლოდ მას ეხმარება საბაზისო უნარების ფორმირებაში. ცხადია, გარდა ამისა, ის თეორიულად ეუფლება, უშუალოდ, თავის მომავალ პროფესიას, ჩვენს შემთხვევაში - მევენახეობასა და მეღვინეობას. საწარმოში კი ის უკვე მიღებულ ცოდნას საკუთარ გამოცდილებად გარდაქმნის.
თუკი სასწავლებელში სტუდენტი იღებს ინფორმაციას ისეთი საკითხის გარშემო, როგორიცაა ვაზის მავნებლები და დაავადებები, საწარმოში მას ამ პრობლემასთან უშუალო შეხება აქვს - აკვირდება დაავადებებათა ცხად ნიშნებს, ეუფლება მათ წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკულ უნარებს. თუკი სასწავლებელში ის სხვადასხვა მასალებიდან, ან მასწავლებლისგან შეიტყობს ნიადაგის ფენების შესახებ, ვენახში მას საშუალება ეძლევა, რეალურ გარემოში შეისწავლოს მიწის შრეები. სკოლასა და საწარმოში სასწავლო საათების ხანგრძლოვობის შეფარდება ასეთია - 60-70 % სამუშაო გარემოში, 30-40 % კი - პროფესიულ სასწავლებელში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არ არის ხელოვნური გარემო, მათ უწევთ საწარმოსთან რეალური თანამშრომლობა, ყოველდღიურ პროფესიულ გამოწვევებთან გამკლავება. ისინი, ფაქტობრივად, მომავალ პოტენციურ სამსახურში სწავლობენ, ეს ჰარმონიული კომბინაცია - სასწავლებლისა და საწარმოს ფეხდაფეხ სვლა არის დუალური განათლების მთავარი ღირსება.
- რა ფორმით თანამშრომლობს დუალურ მოდელში პროფესიული სასწავლებელი და კერძო სექტორი?
- კერძო მეღვინეობები ორ სხვადასხვა პლატფორმაზე თანამშრომლობენ განათლების სისტემასთან - ერთი მხრივ, სასწავლო, მეორე მხრივ - საგამოცდო პროცესში.
როგორც მოგახსენეთ, მომავალი მევენახე-მეღვინეები განათლებას იღებენ არამხოლოდ პროფესიულ სასწავლებლებში, არამედ - საწარმოებშიც. ამისთვის იშვიათად თუ არსებობს სპეციალური საწარმოები, რადგან ამაში დიდი ენთუზიაზმითა და, ცხადია, ნებაყოფლობით არიან ჩართულნი კერძო მეღვინეობები. შეგირდები თვიდან 3 კვირას, სწორედ, მათთან ატარებენ და მათთან თანამშრომლობით სწავლობენ.
გარდა ამისა, LWG-ს, დაახლოებით, იგივე ფუნქციები აქვს შეთავსებული ბავარიაში როგორც, გერმანიის სხვა მხარეებში - პალატებს. ამდენად, ბავარიაში მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიული სასწავლებლების გამოცდების ჩატარება ჩვენი პრეროგატივაა. გამოცდებს ვუტარებთ მეღვინეობის მომავალ ოსტატებსაც (Meister). ამ საფეხურის პროგრამას თავად ვთავაზობთ ჩვენს სფეროში კარიერული ზრდით დაინტერესებულ კურსდამთავრებულებს. ორივე შემთხვევაში, საგამოცდო საბჭო ყოველწლიურად კერძო მეღვინეობების წარმომადგენლობით ნაწილს აერთიანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ საგამოცდო ჯგუფში გამოსაცდელს აფასებს კერძო მეღვინეობებიდან - ყველაზე ცოტა, ერთი თანამშრომელი (დასაქმებული) და ერთიც - მფლობელი (დამსაქმებელი). ისინი აკვირდებიან სტუდენტების პრაქტიკულ პრეზენტაციას, საკითხის სიღრმისეული ცოდნის გარკვევის მიზნით უსვამენ კითხვებს თეორიული მასალიდან, რადგან, მოგეხსენებათ, მეღვინეები არ არიან მხოლოდ პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი ადამიანები. გერმანიაში საოჯახო მეღვინეობების ხელმძღვანელები საფუძვლიან თეორიულ ცოდნასაც ფლობენ.
- რამდენად ენთუზიაზმით ხვდება კერძო სექტორი განათლების პროცესში თანამონაწილეობას? რა გამოწვევები არსებობდა გერმანიაში ამ მხრივ?
- გამომდინარე კულტურული წინაპირობებიდან, გერმანიაში კერძო სექტორი თავიდანვე ენთუზიაზმით ეკიდებოდა იმ საკითხს. მეორეც, კერძო, ოჯახური მეღვინეობების მფლობელები არიან თავიანთი საქმის კარგი მცოდნეები, შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებენ ხარისხიანი საგანმანათლებლო გარემოს მნიშვნელობას.
არსებობს პროფესიები, სადაც გარდა ამ გარემოებებისა, ბიზნესმენები გარკვეულ ფინანსურ სარგებელსაც ნახულობენ. მაგალითად, რესტორაციის სფერო, სადაც სწავლა საკმაოდ იაფია, შესაბამისად, საწარმოს ნაკლების გადახდა უწევს შეგირდისთვის, ვიდრე - იმ შემთხვევაში, თუკი მუშახელს დაიქირავებდა. მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში ასე არაა, საწარმოებს სწორედ იმდენის გადახდა უწევთ შეგირდისთვის, რამდენიც მისი შრომა რეალურად ღირს. გარდა ამისა, შეგირდი ის ადამიანია, ვინც საფუძვლიან დარგობრივ ცოდნას ფლობს და ვენახსა და მარანში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და ქმედების უნარი აქვს. მასზე დაყრდნობა შეიძლება.
ამდენად შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოტივაციას რეალურად, სწორედ, ბიზნესის მოთხოვნის ადეკვატური გაცნობიერება განაპირობებს. განათლებაში და შესაბამისად, შრომით ბაზარზე რომ ჩავარდნები არ არსებობდეს, ეს, პირველ რიგში, სწორედ კერძო მეღვინეობების ინტერესია.
- თქვენ კარგად იცნობთ მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიულ განათლებას შეგირდის გამოცდა ღვინის ტექნოლოგიაში საქართველოში და როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სისტემის მთავარი გამოწვევა დღეს?
- ჩემი გადასახედიდან, ყურძნისა და ღვინის წარმოების სექტორში სხვადასხვა პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, ყუძნის ხარისხი თავისთავად და, განსაკუთრებით, რთვლის პერიოდში მათი ტრანსპორტირებისას დაშვებული შეცდომები, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება ღვინის ხარისხზეც; ასევე, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, საოჯახო მარნების სიმცირე, ენოთეკებისა და ღვინის ტურიზმის სერვისების სიმწირე. ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, განათლების სფეროს წინაშე არსებულ გამოწვევებამდე მივყავართ.
პროფესიული კოლეჯები მეტად უნდა იყვნენ ორიენტირებულნი პრაქტიკული განათლების გადაცემაზე. ჩემი გადასახედიდან, საქართველოში არსებულ პროფესიულ კოლეჯებში, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამებს უძღვებიან, ძალიან მცირე დრო ეთმობა პრაქტიკულ სწავლას. თვით პრაქტიკული მეცადინეობის დროსაც სტუდენტები უფრო დამკვირვებლების როლში გვევლინებიან, ვიდრე - შემქმნელების. შეგირდი არ უნდა იყოს საწარმოს „მეხუთე ბორბალი“, ის რეალურად ქმედით ძალას უნდა ქმნიდეს.
- რამდენი ხანია, რაც LWG საქართველოსთან თანამშრომლობს და რომელი უწყებები არიან ჩართულნი თანამშრომლობის პროცესში?
- ორი წელია, ბავარიის მევენახეობისა და მებაღეობის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (LWG) თანამშრომლობს GIZ-ის სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ორ სხვადასხვა მიმართულებასთან - ქვევრის კლასტერისა და დუალური სისტემის დანერგვის პროექტებთან. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ვთანამშრომლობთ, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვადასხვა მეღვინეობებთან - კორპორაცია ქინძმარაული, შატო მუხრანი, შუხმან ვაინს ჯორჯია და სხვ. რომლებიც მზად არიან, თავიანთ ბაზაზე ხელი შეუწყონ დუალური განათლების განვითარებას საქართველოში.
- რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა? კონკრეტულად რა აქტივობებს განახორციელებთ ერთობლივად?
- თანამშრომლობა, პირველ რიგში, ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას. გასულ შემოდგომაზე LWG-ს სტუმრად ჰყავდა დელეგაცია საქართველოდან, რომლებიც უშუალოდ აკვირდებოდნენ დუალური განათლების პროცესს როგორც სასწავლებლებში, ასევე, მეღვინეობებში.
გაზაფხულზე ჩვენ საქმიანი მიზნით ვეწვიეთ საქართველოს. GIZ-ის წარმომადგენლებთან და დარგის ექსპერტებთან გვქონდა სამუშაო შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ვისაუბრეთ დუალური განათლების სისტემაზე ბავარიაში, წარვადგინეთ ჩვენი სილაბუსი და ბატონ ჰილარიუს პუტცთან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად შევქმენით საქართველოს საგანმანათლებლო გარემოზე ადაპტირებული სილაბუსი.
მეორე მხრივ, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ხარისხის მონიტორინგში. ვსწავლობთ, თუ რამდენად პასუხობს ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს კერძო მეღვინეობები, სხვადასხვა ასპექტით - ინფრასტრუქტურულად, სურსათის უვნებლობის კუთხით, სამუშაო პირობების უსაფრთხოების თვალსაზრისით და ა.შ.
ასევე, სულ მალე, აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი გვაქვს საქართველოში ვიზიტი, რომლის მიზანია კომპანიის მენტორების წვრთნა პედაგოგიკაში. პროგრამაში მოიაზრება გერმანიის საგანმანათლებლო სივრცეში საყოველთაოდ აღიარებული, ქმედებაზე მიმართული (action oriented) ექვსსაფეხურიანი მეთოდების სწავლება, კომუნიკაციის საბაზისო უნარებში წვრთნა. მომავალმა მენტორებმა, ცხადია, საუკეთესოდ იციან, რა უნდა ასწავლონ, თუმცა ჩვენ ვეხმარებით, შეიტყონ, თუ როგორ ასწავლონ, რა დიდაქტიკური მეთოდები გამოიყენონ, რათა სწავლა ეფექტურად წარიმართოს.
- თქვენი აზრით, რა ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოში მევენახეობისა და მეღვინეობის პროფესიულ განათლებაში დუალური სისტემის დანერგვა?
- ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც უნდა მოხდეს, ის არის, რომ მეღვინეობებს უხელმძღვანელებენ არამხოლოდ კარგი ტექნოლოგები, არამედ - სრულყოფილი დარგობრივი ხედვისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პროფესიონალები. ესენი იქნებიან დამატებითი კომპეტენციებით აღჭურვილი ადამიანები, რომლებსაც შეეძლებათ, იმუშაონ დიდ მეღვინეობებში არამხოლოდ საწარმოო, არამედ - შუალედურ რგოლში, ან - გაუძღვნენ საკუთარ მეღვინეობას.
რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს საქართველოში ამ მოდელის დანერგვა?
რისკი სხვადასხვა რამ შეიძლება, იყოს, მაგალითად, მეღვინეობასა და კოლეჯს შორის კომუნიკაციის ნაკლებობა, საწარმოს მასწავლებლის ნაკლები ინტერესი და დაბალი მოტივაცია, რათა რეალურ სამუშაო პროცესში ჩართოს სტუდენტი, ასევე რისკი შეიძლება იყოს საზოგადოებისა და განათლების სფეროს მხრიდან პერფექციონისტული დამოკიდებულება, რომ თუ სისტემა თავიდანვე იდეალურად ვერ იმუშავებს, მის მიმართ ენთუზიაზმი განელდეს. მე ვფიქრობ, ამ მხრივ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება კოორდინაციისა და მონიტორინგის საქმეში პასუხისმგებელი პირი.
- რა ეტაპზეა დღეს საქართველოსთან თანამშრომლობა?
- ამ ეტაპზე LWG-სა და ქართველი ექსპერტების თანამშრომლობის საფუძველზე შემუშავებული კონცეფცია წარდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მის განხორციელებასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი ამ ფორმით გაივლის აკრედიტაციას, ოქტომბერში საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის პირველი დუალური პროგრამა ამოქმედდება.
ესაუბრა ქეთო ნინიძე
ფაიტსჰოხჰაიმი, 05.08.2016
ინტერვიუ მომზადდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების პროგრამის - Master Trainer in TVET ფარგლებში.