თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ზაფხულში დასრულდება. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადეს, ადგილზე დასრულებულია გზის რეაბილიტაცია და დაწყებულია კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება.
ფონდის დირექტორის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ადგილზე დაიგება ქვაფენილი და მოწესრიგდება სახლის ღობეებიც.
"სოფელი გერმანული არქიტექტურით იყო გამორჩეული. ასევე, მათ ჰქონდათ თავისი ბაპტისტური ეკლესია, შესაბამისად ეს ადგილი კულტურული მემკვიდფრეობის ძეგლს წარმოადგენს. ასურეთი ისტორიული სოფელია, სადაც მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჩასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ.
რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში, ძველი ეკლესიის რეაბილიტაცია და მუზეუმად გადაკეთება მოხდება, ასევე მოწესრიგდება სასაფლაოც", - ამბობს ბურჭულაძე. მისივე თქმით, სოფლის რეაბილიტაციის პროექტით დაინტერესებულია გერმანიის ხელისფლებაც. რამდენიმე გერმანელის მხრიდან კი ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სურვილიც გამოითქვა, მათ შორის ლუდის ბარის გახსნის.
"გზის რეაბილიტაციაზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ასევე სამუშაოების მეორე ეტაპისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც დეკემბერში დაიწყება და ზაფხულამდე დასრულდება", - განმარტავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.
ფოტო