Home
Category
TV Live Menu

გიგა ბედინეიშვილი: დღეს საშუალო და მცირე ბიზნესი გმინავს

no photo
BM.GE
08.03.16 15:11
901
საქართველოში ინვესტორს რა პირობები უნდა დახვდეს იმისთვის, რომ ის ამ ბაზრით დაინტერესდეს, დარჩეს და თავისი წვლილი შეიტანოს ეკონომიკურ ზრდაში,- აღნიშნულ თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ ფინანსისტი, გიგა ბედინეიშვილი საუბრობს.


-ნოდარ ხადურის მონახაზში აქცენტი ორი მიმართულებით კეთდება. ერთია - ინვესტიციების მოზიდვა და მეორე ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურება. როგორ ფიქრობთ, დღეს ამ მიმართულებების ასე ხაზგასმა დღის წესრიგში რატომ დადგა?


-როდესაც პოლიტიკოსები საუბრობენ ეკონომიკურ პოლიტიკაზე დ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს,  ამის უკან ყოველთვის პოლიტიკური განზრახვა უნდა ვეძებოთ. ანუ საუბარია მომავალზე. ფინანსთა მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ეს არის გასაკეთებელი. რატომ საუბრობენ ძირითადად მომავალზე? იმიტომ, რომ წარსულთან დაკავშირებით ბევრი არაფერი აქვთ სათქმელი. სინამდვილეში კი ჩვენ რომ დავიჯეროთ, რომ ვიღაცა მომავალში შეძლებს რაღაცის გაკეთებას, უნდა შევხედოთ მან წარსულში თუ რა გააკეთა. წარსულის საფუძველზე თუ გავაკეთებთ ანალიზს, სახარბიელო არაფერი არ არის. ამიტომ გასაგებია, რომ ნოდარ ხადური იქნება, გიორგი კვირიკაშვილი, თუ ვინც იქნება, ძირითადად იმაზე საუბრობენ, რომ ჩვენ ახლა რაღაცეებს გავაკეთებთ, რომლის შედეგადაც ავყვავდებით. ამბობენ, რომ დიდ პროექტებს განახორცილებენ და ინვესტიციებს მოიზიდავენ. კონკრეტულად ინვესტიციების მოზიდვაზე რომ ვისაუბროთ, ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით დღეს საქართველოში კარგი მდგომარეობა სულაც არ არის. სინამდვილეში მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს რომ აქვს ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა, ასეთი იშვიათად ქონია. იმიტომ, რომ დღეს არის სიტუაცია, როდესაც ინვესტორები ეძებენ და ვერ პოულობენ ინვესტიციების შესაძლებლობას ახალ ბაზრებზე. ახალი ბაზრების უმრავლესობას საქმე ცუდად აქვს. ხშირად  მიზეზი ისაა, რომ ახალი ბაზრები ძირითადად ნავთობზე და სხვა ნედლეულზე დამოკიდებული ბაზრებია.

-ინვესტორებისათვის ელჩების მთავარი გზავნილი რა უნდა იყოს?


-მანდაც შეცდომაა. სინამდვილეში ინვესტორები ამ შესაძლებლობას მუდმივად ეძებენ, თუ დაინახეს თვითონ წამოვლენ, იპოვნიან. მარტო პრომოციით და ელჩების თქმით, რომ მოდითო, ეს საქმე არ გადაწყდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტურისტებთან შეიძლება პრომოცია დაგჭირდეს, მაგრამ სოფისტიცირებული ინვესტორები სხვადასხვა ქვეყნების სიტუაციებს ერთმანეთს მშვენივრად ადარებენ.

-რის საფუძველზე?


-მაკრო-ეკონომიკის, ეკონომიკური პარამეტრების საფუძველზე - ეს ციფრების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხარისხობრივი მაჩვენებლები არსებობს. მოდით საქართველოს შევხედოთ - ეკონომიკური ზრდა გაჩერებული, ლარი დასუსტებული, რეგულაციები იზრდება, ეკონომიკური პოლიტიკა აშკარად მარცხნივ გადაწეული, პოპულიზმი მთელი ამ ხნის განმავლობაში უსირცხვილო და უსაზღვროა და არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაძლიერდება არჩევნების წინ  და მერიტოკრატია ნოლამდეა დაყვანილი, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელსაც ოლიგარქი მართავს, რომლის მთავრობაც ფაქტიურად ერთი ადამიანის მიერ არის მართული.


-თქვენი იდუმალი ოპონენტები აღნიშნავენ, რომ დღეს ბიზნესი უფროო თავისუფალია და ამან შეიძლება მოიზიდოს ინვესტორები...


-მე არ ვიცი ამ შემთხვევაში ვინაა ჩემი იდუმალი ოპონენტი, მაგრამ ერთს ვიტყვი  ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. თუ ბიზნესი ასეთი თავისუფალია, მაშინ ეკონომიკა რატომ არ იზრდება? ეს პროპაგანდის და აგიტაციის შედეგია, რომ თითქოს ბიზნესი თავისუფალია. მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც მთავრობასთან სათანამშრომლოდ გზებს პოულობენ, ისინი რატომღაც რენესანსზე, თავისუფლებაზე და ა.შ.  საუბრობენ. სინამდვილეში საშუალო და მცირე ბიზნესი გმინავს. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, როდესაც გულწრფელად და ეთერში არ საუბრობენ სულ სხვანაირად ლაპარაკობენ. მარტო პროპაგანდას, აგიტაციას და ტვინის რეცხვას არ უნდა დავუჯეროთ. ფაქტია, რომ მყარი არგუმენტები დღეს ამ მთავრობას არ აქვს, იმიტომ რომ საჩვენებელი არაფერი არ აქვს. არჩევნები მოდის და ისევ აპელირება ხდება - სისხლიანი 9 წელიწადზე და მომავალში რას გააკეთებენ.


-თუმცა, კონკრეტული ნიშნულია ფინანსთა მინისტრის მხრიდან, იგი ამბობს, რომ ეს მონახაზი ხელს შეუწყობს წლის ბოლოს ეკონომიკის 3 პროცენტზე უფრო მეტდა გაზრდას.  თქვენ ხედავთ ამის რესურსს?


-პირველ რიგში, სირცხვილია, როდესაც 3 პროცენტიანი ზრდის გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ. ეს ნიშნავს რამდენად დადაბლდა სტანდარტები ქვეყანაში. მზად ვარ ვუყურო და დავაცადო რას გააკეთებს პრემიერი, მაგრამ მასზე ამბობენ, რომ იგი ღარიბაშვილს ჯობია. ანუ რაზეა საუბარი, რა სტანდარტს უნდა აჯობოს ადამიანმა, რომ ტაში დაუკრა და მადლობა უთხრა. საქმე სერიოზულ პრობლემებთან გვაქვს.  ამბიციები დავკარგეთ. ქვეყანა საინტერესო იყო დღეს კი ქვეყანა უინტერესოა. დღეს საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც კარგი გაგებით “აღაგზნებს“ ინვესტორებს იმ გაგებით, რომ ამ პატარა ქვეყანაში საინტერესო რაღაცეები ხდება, რომელიც შეიძლება ინვესტორმა პლატფორმად გამოიყენოს იმისთვის, რომ რაღაცები გააკეთოს.


-რამ დაგვაკარგვინა ეს ამბიციები და მუდმივი აპელირება იმაზე, რომ გარე პირობები რთული იყო და გარე შოკები მოქმედებდა ამ ყველაფერზე?


-ეს ხელმოცარული ხალხის ახსნა-განმარტებებია. აბა თავის თავს ხომ არ დააბრალებენ და რა თქმა უნდა, გარე პირობებს უნდა დააბრალონ. ის, თუ ამბიციები რა დაგვაკარგვინა, ეს კომბინაციაა ამ ყველაფრის - დაწყებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკიდან, რომელიც ეკონომიკურ აქტორებს მოტივაციას უკარგავს იმისთვის, რომ რისკი აიღონ, მემარცხენე ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანაში ზრდა რომ მოეტანოს ასეთი არ არსებობს და ამიტომ მაგის შედეგებს ვიმკით. დაწყებული ამით და დამთავრებული თუნდაც რიტორიკით, რომ სუ ამას გვიჩიჩინებენ, რომ საქართველო განსაკუთრებული ქვეყანა არ არის და მსოფლიო კი არა რეგიონალური ამბიციებიც კი არ უნდა გვქონდეს და ა.შ. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. შეიძლება რაღაც უაზრო მიზნების დასახვა კონტრპროდუქტიული იყოს და არ ღირდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ერთმანეთს სულ იმას ვუჩიჩინებთ, რომ არაფრად არ ვვარგივართ და არც ამბიციები უნდა გვქონდეს, შედეგი იცით რა იქნება? რომ ვიღაცა ჯობია ღარიბაშვილს, სტანდარტი ეს იქნება.
 

Subscribe to our news

Get the main news of the day