თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, „გრძელვადიანი სტაბილურობა ის ფაქტორია, რაც მოიზიდავს როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ინვესტორებს".
ამის შესახებ ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს“ 2016 წლის ბოლოს განხორციელებული საგადასახადო ცვლილებების და ზოგადად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებებისას განუცხადა.
"სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ რამდენიმე სწრაფი ცვლილება იყო გასაკეთებელი და რა თქმა უნდა, სწრაფი ცვლილებები ბიზნესის მხრიდან უფრო რთულად მიიღება. კარგია, როცა მინიმუმ 1 წელი გაქვს იმისთვის, რომ რაღაც დაგეგმო", - აცხადებს ბაჩიაშვილი.
თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი მთავარ გამოწვევებს შორის ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობებს ასახელებს.
"ბიზნესკონტრაქტის“ კითხვაზე - "ლარის მერყეობებმა რამდენად იმოქმედა თანაინვესტირების ფონდის გეგმებზე", ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „დელვალვაცია, რთულია ბიზნესისთვის და ხელს უშლის მას".
"კურსის მერყეობა ყველაზე მოქმედებს. შეუძლებელია იზოლირებულად ვიცხოვროთ. სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ვცდილობთ ყველანაირად, რომ ადაპტაცია გავიაროთ. ჩემი აზრით, მთავრობა მაქსიმალურად მეტ ინვესტორს, ბიზნესმენს უნდა შეხვდეს და ესაუბროს, რადგან სამწუხაროდ, ნებისმიერი შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და ამ შეხვედრების შემდეგ რეალური ინვესტიცია საკმაოდ მცირე შეხვედრებს მოჰყვება", - აცხადებს ბაჩიაშვილი.