კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მთავრობამ მოიწონა, მაგრამ თვითონ სტრატეგია ხელმისაწვდომი ჯერ არ არის. რას გულისხმობს სტრატეგია და რას უნდა მოველოდოთ მისი დამტკიცების შემდეგ, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილი საუბრობს.
- რა არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც საფონდო ბირჟის წინაშე დგას და რის გადაწყვეტაც სამიზნედ აქვს აღებული ამ სტრატეგიას, რომელიც უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ?
- ჩვენ ზოგადად ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით ვართ დაინტერესებული. ის სამოქმედო გეგმა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება და რომელიც მთავრობამ მოიწონა, სწორედ ამ საკითხს ეხება. ჩვენ არ გვაქვს საბოლოოდ მოწონებული გეგმის ვარიანტი ნანახი, თუმცა ჩვენ წინასწარ დისკუსიებში ამ გეგმის მომზადებისას ჩართულები ვიყავით და დაახლოებით ვიცით რაზეც არის საუბარი.
- შეგიძლიათ დაგვისახელოთ ის ძირითადი, ფუნდამენტური საკითხები, რაზეც იგი დგას?
- კაპიტალის ბაზრის განვითარების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე მოიწონა, მრავალ კომპონენტს მოიცავს, დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ფასიანი ქაღალდის ბაზარი უკეთ განვითარდეს, დამთავრებული იმ ცვლილებებით, რომელიც ჩვენთან საფონდო ბირჟაზე უნდა განხორციელდეს. ეს ბევრი სხვადასხვა სტრუქტურის ერთობლივ მუშაობას მოიცავს, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ეროვნული ბანკი ერთ-ერთი წამყვანი და ლიდერია. ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველი ორგანო გახლავთ და შესაბამისად, ამ ბაზრის განვითარების ბევრი ბერკეტი სწორედ ეროვნული ბანკის ხელშია და მთავრობის სამოქმედო გეგმა, რა თქმა უნდა, ამ ნაწილსაც მოიცავს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რასაც ბაზარი საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოელის ეს გახლავთ ის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორპორატიული ობლიგაციები აღიაროს, რომლებსაც წამყვანი ქართველი კომპანიები ლიკვიდურ აქტივებად გამოუშვებენ და ნება დართოს კომერციულ ბანკებს ე.წ. რეპო-ოპერაციები განახორციელონ ამ ობლიგაციების მეშვეობით. კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, რომ ასეთი კორპორატიული ობლიგაციების უზრუნველყოფით დამატებითი რესურსი ისესხონ საქართველოს ეროვნულ ბანკში. დღეს ამას საქართველოს კომერციული ბანკები წარმატებით აკეთებენ მხოლოდ სახელმწიფო ობლიგაციების გირავნობით და საუბარია იმაზე, რომ ეს მექანიზმი კორპორატიულ ობლიგაციებზეც გავრცელდეს.
- სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, რა შედეგებს ელოდებით და რა ვადებში?
- სამოქმედო გეგმა მრავალკომპონენტიანა, სადაც საუბარია საგადასახადო კუთხით შესაძლო ცვლილებებზე, რომ მაგალითად, უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში ფასიანი ქაღალდების შეძენა, გაყიდვა და გადასახადების გადახდა გამარტივდეს. ასევე საუბარია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობაზე, როგორიცაა მაგალითად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ამ სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი საპენსიო რეფორმაა და არავის, ვინც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მუშაობს, იმის ილუზია არ აქვს, რომ საპენსიო რეფორმის გაკეთების გარეშე, ქვეყანაში ამ მიმართულებით შესაძლოა მნიშვნელოვანი პროგრესი მოხდეს. საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმაზე აქტიურად მუშაობს და ჩვენ მის ამოქმედებას ყველანაირად მხარს ვუჭერთ.
- გაქვთ თუ არა ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარი შეიძლება განვითარდეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში დაბალი ეკონომიკური ზრდაა?
- საქართველოში წინა წლებთან შედარებით ეკონომიკური ზრდა შესაძლოა ცოტა დაბალია, მაგრამ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა და სულ ახლახან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს საფონდო ბაზარი განვითარდეს. მაგალითად, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესოდ და სტაბილურად ითვლება და თუ კი მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის და მცირე დანაზოგების პირობებში, რაც ზოგადად ქვეყანაში არსებობს, ბანკებმა მოახერხეს და წარმატებული ფინანსური ინსტიტუტები გახდნენ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რატომ არ შეიძლება საფონდო ბირჟის შემთხვევაშიც იგივე გამეორდეს.
- მაგრამ საფონდო ბირჟამ ეს ვერ შეძლო?
- იმიტომ, რომ საფონდო ბირჟის განვითარებას ბევრი სხვა ფაქტორი უშლიდა ხელს. საფონდო ბაზარი მრავალკომპონენტიანია და მხოლოდ ერთი მიმართულების გამოსწორებით მისი განვითარება შეუძლებელია.