უნდა შეიქმნას თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს რომელ პროდუქციას აქვს საექსპორტო პოტენციალი,- ამის შესახებ "საქმის კურსს" ეკონომისტმა გიორგი ღაღანიძემ ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არა ბაზრების სიმცირე, არამედ საექსპორტო პროდუქციის არარსებობაა, სწორედ ამიტომ, ეკონომისტი მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, სწორედ მაღალი პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქცია უნდა გამოვარჩიოთ.
"საქართველო არის 3,7 მილიონი მოსახლის ქვეყანა და ჩინეთი არის 1,4 მილიარდიანი. აქედან გამომდინარე უფრო მეტად ჩვენს ინტერესებში შედის თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან, ვიდრე მათს ინტერესში. მთავარია, რომ ეს შესაძლებლობა კარგად იქნას გამოყენებული და ჩინური ბაზრისთვის შევძლოთ იმ პროდუექტების მიწოდება, რომლებიც მათ აინტერესებთ. ხოლო თუ ვერ ვქმნით ამ ეტაპზე ამ პროდუქტებს, მაშინ მოვძებნოთ ისეთი ინვესტორები, რომლებიც შეძლებენ ამ პროდუქტების შექმნას, განახორციელებენ ინვესტციას საქართველოში და შემდეგ გავიტანთ ჩინურ ბაზარზე.
ზოგადად ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილზე მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოებას. ეს განხორციელდება ადგილობრივი ინვესტიციით, უცხოური ინვესტციით, თუ კომბინაციით, ეს უკვე დეტალებია. იმისთვის, რომ ეს არსებობდეს, უნდა გვქონდეს თანამდეროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია, რომ შეიქმნას ის საქონელი და მომსახურება, რომლის გატანაც რეალისტურია. საქართველომ შეიძლება ტელევიზორების ექსპორტი დაიწყოს ჩინეთში? მთელი მსოფლიო ჩინურ ტელევიზორებზეა გადასული",- აცხადებს გიორგი ღაღანიძე.