ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სასამართლოს კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. ასე გამოეხმაურა გახარია საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მიერ პროტესტის ნიშნად, ერთი დღით ოფისის დახურვის ფაქტს.
"ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ყველა ინვესტორი. ეს არის ძირითადი ამოცანა. მეორე - იმისთვის, რომ მაქსიმალური რაოდენობის ინვესტორები შევინარჩუნოთ და მოვიზიდოთ, გვჭირდება, რომ ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ მაქსიმალური ნდობა გვქონდეს. ასეთი ნდობა გვაქვს. ვიცი, რომ პირველ ინსტანციაზე არის საუბარი და პირველი ინსტანციის შემდგომ ასეთი რეაქცია და ოფისის დახურვა, როგორც ვიცი ერთი დღით, სიმბოლურია. ვერ ვხვდები შინაარსობრივად ეს რას ნიშნავს", - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ "სასამართლოს მთავრობის მხრიდან სრული ნდობა აქვს, რადგან ეს არის ჩვენი ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების საფუძველი".
შეგახსენებთ, რომ დღეს ICC-ის ოფისი ერთი დღით დაიხურა. პროტესტის ეს ფორმა მიმართულია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვლადიმერ კაკაბაძის წინააღმდეგ, რომელმაც ადგილობრივი მწარმოებლების "თბილისის თამბაქოსა" და "ოჯითის" სარჩელების საფუძველზე სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები, თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ფადი ასლი აცხადებს, რომ მოსამართლე კორუმპირებულია. ამის შესახებ მან პირველად ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში" გააკეთა განცხადება.