საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ საპენსიო რეფორმაზე რეგულირების გავლენის შეფასება ჩატარდება.
როგორც გახარიამ BM.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „საპენსიო რეფორმაზე RIA უნდა არსებობდეს“.
"ვფიქრობ, რომ საპენსიო რეფორმა არის აუცილებელი რეფორმა ჩვენი ქვეყნისთვის. ის არის ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი, გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. რეგულირების გავლენის შეფასება, როგორც ასეთი, უნდა არსებობდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი RIA იქნება. კვლევა შეიძლება ჩატარდეს ეკონომიკის სამინისტროს დონეზე, ასევე უწყებათაშორისი ჯგუფების დონეზე, მაგრამ ასეთი კვლევები ყოველთვის ტარდებოდა. ვფიქრობ, გარკვეული კონსოლიდირებული კვლევა იქნება ჩასატარებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები ამას გააკეთებენ“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, როგორც BM.ge-ისთვის გახდა ცნობილი და ოფიციალურადაც დაუდასტურეს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) დაკვეთით, ISET-მა საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) ჩაატარა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის გაკეთდა.
თავად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში აღნიშნულ დოკუმენტს „წინასწარი შეფასების დოკუმენტად“ მოიხსენიებენ.
„ეს არის ეკონომიკის სამინისტროს შიდა მოხმარებისთვის გათვლილი, წინასწარი შეფასების დოკუმენტი, რომელიც არ შეიძლება მივიჩნიოთ როგორც სრულყოფილი RIA. ესაა წინასწარი შეფასება, ისევე როგორც სხვა მრავალი შეფასება, რომელიც აღნიშნული რეფორმის შემუშავების პროცესში განხორციელდა“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ცინცაძემ.
"დაგროვებითი აპენსიო სისტემის" შესახებ კანონპროექტი პარლამენტს მთავრობამ 2017 წლის ბოლოს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანოში მისი განხილვა, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება.