"ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება. „რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი. მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
უფრო დეტალურად: 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).
ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო ( ზრდა 62%); მინერალური წყალი (ზრდა 17%); სპირტიანი სასმელები (ზრდა 18%) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდა 155%), ცხვრის ხორცი (ზრდა 121%), თევზის ცხიმი (ზრდა 449%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (ზრდა 69%), უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 47%), ხილ-ბოსტნეულის წვენები (ზრდა 110%), ცხვარი ცოცხალი (ზრდა 4%); სამრეწველო პროდუქცია - სპილენძის მადნები (ზრდა 17%); ფეროშენადნობები (ზრდა 201%); მედიკამენტები (ზრდა 55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%); ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები ზრდა 48%).