Home
Category
TV Live Menu

გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული

579225080db06
BM.GE
22.07.16 17:48
1270
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის სამსახურმა ბიუჯეტის 6 თვის შესრულების თაობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შემოსავლების ნაწილში პირველი კვარტლის გეგმა 105%-ითაა შესრულებული. რაც შეეხება გადასახდელებს, შესრულებამ გეგმის მიმართ 95.2% შეადგინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულებაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საუბრობს.

- რამდენად არის კავშირში გრანტების თემის შეუსრულებლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის პროგრამის დაუსრულებლობასთან?

- დაახლოებით 10 მილიონი ევროს ოდენობით გრანტების მიღება იყო დაგეგმილი ევროკავშირისგან და ეს ნამდვილად კავშირშია სავალუტო ფონდი პროგრამასთან. მაისში სავალუტო ფონდის მისია იყო ჩამოსული და ვმსჯელობდით, როგორც მიმდინარე წლის ასევე მომდევნო წლების პარამეტრებზე და ჩვენ შევთანხმდით, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას არსებითი პროგრამის გაგრძელებაზე თუ ახალი პროგრამის ჩამოყალიბებაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას მეოთხე კვარტალში მივიღებთ და სწორედ ამ დროისთვის ველოდებით ჩვენ ამ გრანტების ჩამოსვლას.

- ადასტურებთ თუ არა, რომ საგრეო ვალის აღებაში გეგმიდან ჩამორჩენა ფინანსთა სამინისტრომ საშინაო ვალის აღებით დააკომპენსირა?

- ვერ დაგიდასტურებთ ამას, გამომდინარე იქიდან, რომ საგარეო ვალი ჯამში 275 მილიონია. საშინაო ვალს რაც შეეხება, პროცენტულად საკმაოდ დიდად ჟღერს 800% ჯამში, ეს 50 მილიონი ლარია, გეგმასთან შედარებით წლის პირველ ნახევარში უფრო მეტი მოხდა აღება. თუმცა, ვალის აღება არა სპონტანურად, არამედ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით ხდება, გაწერილი გრაფიკია და ეს ოფიციალურად არის გამოქვეყნებული და ამ გრაფიკის მიხედვით ხდება ფასიანი ქაღალდების ემისია. რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან გვქონდა კონსულტაციები და მათთან შეთანხმებით გვაქვს ეს გეგმა გაწერილი.

- თუ ეს 10 მილიონი ევრო კავშირში არ არის გრანტების შესრულებასთან, მაშინ პარამეტრი 6 თვის გეგმით რატომ ვერ შესრულდა?

- პირველ 6 თვეში სწორედ ეს 10 მილიონი ევრო იყო გაწერილი. დანარჩენი გრანტები რაც ბიუჯეტშია გაწერილი, მათ შორის საბიუჯეტო დახმარებებიც, ძირითადად ევროკავშირიდან არის და კონკრეტულ რეფორმებზეა დაკავშირებული. ეს რეფორმები მიმდინარეობს და ევროკავშირის მისია, როგორც წესი იშვიათი გამონაკლისით, სექტემბერში ჩამოდის და აფასებს იმ რეფორმებს, თუ რაც განხორციელდება ამა თუ იმ სექტორის მიმართულებით და ამის შემდეგ ხდება თანხების ჩარიცხვა.

მაგალითისთვის, იუსტიციის ნაწილში სისხლის სამართლის რეფორმების ფარგლებში, ჩვენ უკვე ამ თვეშივე მივიღებთ, დაახლოებით 3 მილიონ ევროს. უმეტესი ნაწილი გრანტებისა, სექტემბერში მისიის ჩამოსვლის შემდგომ იქნება მიღებული.

დანარჩენი გრანტები ფონდის მიმოხილვასთან კავშირში არაა. ფონდთან კონსულტაციები გვქონდა და ვფიქრობთ, რომ რაც ბიუჯეტში დაგეგმილი გვაქვს იმ თანხების მობილიზება წლის მეოთხე კვარტალში სრულად იქნება შესაძლებელი.

- ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტირების პრინციპულად განსხვავებული ფორმატის დანერგვა იგეგმება. რასთან გვექნება საქმე და 2017 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას თუ იქნება ეს ხელშესახები?

- ბიუჯეტის ახალი პრინციპით დაგეგმვა გულისხმობს მასში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას. ეს უფრო მეტად ადგილობრივი ბიუჯეტების კუთხით არის, რათა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დაგეგმვისას, მოსახლეობა უფრო მეტად იყოს ჩართული. თუმცა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ერთ წელიწადში ყველაფერი იდეალურად იქნება, ვინაიდან ამისთვის თავად მოსახლეობაა აუცილებლად მოსამზადებელი. მას დაინტერესება უნდა გაუჩნდეს, რომ მაქსიმალურად დაინახოს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის ძირითადი საფუძველია, რაზეც დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შემდგომი წლების ბიუჯეტს გეგმავს. ეს ეტაპობრივად, ყოველ წლიურად უფრო და უფრო მეტი სამუშაოა და მოსახლეობაც მაქსიმალურად უნდა იყოს ამაში ჩართული.

Subscribe to our news

Get the main news of the day