"გერმანულ მედიაში, შექმნილი სურათი საქართველოს შესახებ, რასაკვირველია, ძალიან მტკივნეული იყო ჩვენთვის. ფაქტები იყო არასწორად წარმოდგენილი, ხოლო სტატისტიკური მონაცემები დაუსაბუთებელი”, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა Zeit Online-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა პრემიერს მედიაში ქართველების შესახებ გავრცელებული თემის კომენტირება სთხოვა, სადაც ქურდობებისა და თაღლითობის შესახებ იყო საუბარი.
"ფაქტია, რომ ამ გაშუქებამ გარკვეული წარმოდგენები შექმნა. პოლიტიკაში კი ასეთ წარმოდგენებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივავლინეთ პოლიციის ატაშე საქართველოს საელჩოში ბერლინში. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები დღეს ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა დონეზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არაერთხელ იმყოფებოდა გერმანიაში და ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენი დიდი სურვილია გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ასეთი სახის წარმოდგენებზე.
დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალური ეკონომიკა გაიმარჯვებს. ჩვენს შემთხვევაში, სხვა არჩევანი არც გვაქვს. ჩვენი მოსახლეობა 3.7 მილიონია. ჩვენ გახსნილები უნდა ვიყოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენი უნიკალური მდებარეობის გარდა, ბევრი რამ არ გაგვაჩნია. თუკი ტიპიურ ევროპულ ქვეყანაზე უფრო მეტ მოქნილობას გამოვიჩენთ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იქცეს განსაკუთრებულ ადგილად საერთაშორისო ბიზნესის წარმოებისთვის.”, - განაცხადა პრემიერმა.