Home
Category
TV Live Menu

გიორგი კვირიკაშვილმა გაეროში ბიზნესსახლის პროექტზე ისაუბრა

57e0ee205e18c
BM.GE
20.09.16 12:06
917
საქართველოს მიდგომა, მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების შექმნას ყველა დონეზე და სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ეს სისტემა საქართველოში უკვე მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში განაცხადა, სადაც ელექტრონული მმართველობის, გამჭვირვალობისა და საჯარო მომსახურების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

პრემიერის აპარატის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ბიზნესსახლის პროექტს, რომელსაც საფუძველი ცოტა ხნის წინ ჩაეყარა და რომელიც ბიზნესისთვის, 600-ზე მეტი სერვისის ერთ ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში მიწოდებას გულისხმობს.

"ჩვენს თავს დავუსვით კითხვები - რა როლის შესრულება შეუძლია ელექტრონულ მმართველობას საქართველოს ბიზნესსექტორისთვის? რამდენად მარტივად ხელმისაწვდომია ბიზნესმენებისთვის ჩვენი მომსახურება? რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას ბიზნესსექტორის საქმიანობის ხელშეწყობა? როგორ აისახება ეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე? ჩვენი პასუხების საფუძველზე კი დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით ბიზნესსახლი. ბიზნესსახლი არის რევოლუციური მოდელი, რომელიც ეფუძნება საჯარო-კერძო პარტნიორობის პრინციპს და უზრუნველყოფს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდებას ერთ სივრცეში და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. ამ პლატფორმის საშუალებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს 600-ზე მეტი მომსახურების ტიპის მიწოდებას და თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია ერთიან ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ დიდ ქალაქებში, ერთ სივრცეში მომსახურების სწრაფი, ეფექტიანი და კომფორტული მიწოდება უზრუნველყოფილია იუსტიციის სახლების მეშვეობით, სადაც მომხმარებლებს კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სწრაფად და მარტივად მიეწოდებათ 300-ზე მეტი ტიპის მომსახურება, რაც ექსკლუზიურად მთავრობის კომპეტენციაა.

მისივე თქმით, საქართველოს პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის შექმნილი საზოგადოებრივი ცენტრები კი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სრულფასოვან ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში.

"საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების დიდი ნაწილი და ინფორმაცია - ისინი შორ მანძილზე, მუნიციპალურ ცენტრსა თუ დედაქალაქში მგზავრობის გარეშე შეძლებენ საჯარო მომსახურების 200-ზე მეტი ტიპით სარგებლობას. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ამით მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო იოლი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აქტიურად ჩართვა: საზოგადოებრივი ცენტრები თავს უყრის თანამედროვე ტექნოლოგიებს, საჯარო და კერძო სექტორების მომსახურებას, ბიბლიოთეკებს, უფასო ინტერნეტსა და ელექტრონულ ბიბლიოთეკას, ასევე ერთ სივრცეში მოქალაქეთა ჩართულობის ადგილებს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რეაგირება მოვახდინოთ ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე“,- განაცხადა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day