თანამედროვე მსოფლიოში პროფესიონალთათვის საზღვრები არ არსებობს, - ამას თსუ-ს მაგისტრატურის კურსდამთავრებული 24 წლის გიორგი მეგრელის გამოცდილებაც ცხადყოფს. მან გასაუბრებიდან საბოლოო პასუხამდე დიდი და რთული გზა გაიარა და უკვე ოთხი თვეა კომპანია GOOGLE-ში მუშაობს. დეტალურად მის კარიერულ წარმატებაზე businesscontract.ge თავად გიორგის ესაუბრა.
- გიორგი პირველად როგორ დაამყარეთ GOOGLE-თან კონტაქტი?
ზუსტად მახსოვს 4 მარტი იყო, როდესაც პირველად დამირეკა რეკრუიტერმა, მაშინ ესტონეთში „ბეტსონში“ ვმუშაობდი, იქიდან დაიწყო გასაუბრებების პროცესი. Google-ის რეკრუტერთან რვა, 45 წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში კომპანიიდან დადებითი პასუხი მივიღე. თვითონ გასაუბრებების პროცესი იმდენად რთული არ იყო ჩემთვის, რამდენადაც სტრესული, რადგან ასეთ დიდ კომპანიასთან გასაუბრების გამოცდილება არ მქონდა.
- რა თანამდებობა გიკავიათ ?
ამ ეტაპზე ლონდონის GOOGLE-ის ოფისში, Software Engineer-ად ვმუშაობ. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ნახულობ, შენს შექმნილ პროდუქტს ხალხი როგორ იყენებს და ბედნიერია, რა თქმა უნდა, Google-ში მუშაობის დროს უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. ალბათ ეს არის, რასაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი IT, ინდ. მეწარმე თუ კომპანია უნდა ემსახურებოდეს - შეუმსუბუქოს ადამიანებს ცხოვრება.
- თქვენი კარიერული გზა GOOGLE-მდე?
მე ვფიქრობ, რომ ამ სფეროში ჩემს განვითარებაში ყველაზე მეტად IT ცენტრი “მზიური” დამეხმარა, სადაც ვისწავლე თითქმის ყველაფერი რაშიც დიდი წვილილი მიუძღვით ჩემს მასწავლებლებს და მეგობრებს. „მზიურის“ პარალელურად ვსწავლობდი ვეკუაში, სადაც ძალიან ძლიერი სპეციალისტები მასწავლიდნენ. ორივე დაწესებულებას აერთიანებდა ის, რომ ორივეგან იგრძნობოდა ძალიან მაღალი სწავლის კულტურა, რაც იმ დროისთვის იშვიათი იყო საშუალო სკოლებში. „მზიურში“ დაგროვებული ცოდნის წყალობით სკოლა დავამთავრე თუ არა მაშინვე დავიწყე სამსახური და მას შემდეგ 2015 წლამდე ვმუშაობდი საქართველოს სხვადასხვა კომპანიებში. პირველი სამუშაო გამოცდილება მივიღე Jumpstart Georgia - ში, სადაც იყო იდეალური გარემო ჩემი ასაკის ახალგაზრდა დეველოპერისთვის. ყველაზე დიდი პერიოდი გავჩერდი “თეგეტა მოტორსში”, ჯამში დაახლოებით 4 წელი. 3 წლის განმავლობაში ვიყავი ერთ - ერთ დეპარტამენტში, შემდეგ დაახლოებით 1 წელი ვმუშაობდი Georgian Card-ში და ამის შემდეგ კვლავ დავბრუნდი „თეგეტაში“. ასევე ჩემთვის ერთ - ერთი ყველაზე სასიამოვნო იყო ის 3 თვე, როდესაც თსუ - ში ბაკალავრის სტუდენტებს ვუკითხავდი ალგორითმებისა და მონაცემთა სტრუქტურების იმპლემენტაციის კურსს. ძალიან მონდომებული ჯგუფი მყავდა და ყოველთვის მიხაროდა მათთან ლექციაზე მისვლა.
2015 წლის 25 იანვარს გადავედი ესტონეთში სამუშაოდ, სადაც გავჩერდი ნოემბრამდე.
ესტონეთიდან ჩემს მეგობართან, გიორგი ჯავახიძესთან ერთად ვმუშაობდი ერთ-ერთ საკმაოდ ხარისხიან და საინტერესო ქართულ სტარტაპებზე noxtton - ზე და skytech - ზე, რომლებშიც, ასე ვთქვათ, მთელი ჩვენი ენერგია ჩავდეთ. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ აქ იყენებენ მოწინავე ტექნოლოგიებს და გულწრფელად ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ კომპანიას.
- არიან თუ არა სხვა ქართველები Google-ში დასაქმებულები?
რამდენადაც მე ვიცი, იმ ქართველების უმეტესობა, რომლებიც ჩვენ სფეროში დიდი კომპანიებისთვის მუშაობენ, ძირითადად ამერიკაში, სილიკონის ველზე მოღვაწეობენ, ევროპაშიც ვართ, მაგრამ შედარებით ცოტანი.
- რა იყო მთავარი მამოტივირებელი „გუგლში“ აპლიკაციის გაგზავნისას და თქვენი აზრით რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად?
მამოტივირებელი იყო ზოგადი ცოდნა, რაზეც წვდომა ინტერნეტში ყველა ჩვენგანს აქვს. გაგებული მქონდა, რომ Google-ში მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, კარგი სამუშაო გარემო ხალხი და კულტურა, ასევე ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ შენ შრომას დიდი გავლენა და შედეგი აქვს. ერთადერთი „ფორმულა“ რაც მქონდა,იყო ის, რომ ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი.
დამოუკიდებელი მეცადინეობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა, პრაქტიკაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა.
დამოუკიდებლად გავარჩიე ის ტექნოლოგები, რომელზეც ვმუშაობდი და მაინტერესებდა და ალბათ გამიმართლა კიდევაც. მეცადინეობა ჩემი დამსახურებაა, იღბალი ... იღბალი ვისი დამსახურებაა ნამდვილად არ ვიცი.
- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და გამოცდილების გაზიარებას ქართული კომპანიებისთვის?
უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნება არ არის ჩემს გეგმებში. კონკრეტული სამომავლო გეგმა არ მაქვს, მომწონს სადაც ვარ და ვაპირებ რომ დიდი ხანი დავრჩე და აქ გავაგრძელო კარიერული წინსვლა.
- როგორ შეაფასებდით საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას, თუნდაც ტექნოლოგიური განვითარების კუთხით, - სად ხედავთ დღეს ქართველ ახალგაზრდებს და რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარებისთვის?
ვიტყვი იმას, რაც დანამდვილებით ვიცი - noxtton და skytech - ძალიან კარგი სტარტაპები არიან, და როგორც ყველა სტარტაპს, მათაც სჭირდებათ ძლიერი ახალგაზრდები და ცნობადობა საზოგადოებაში. რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, ამისთვის უკეთესი პასუხი იმ ადამიანებს ექნებათ, ვინც ამჟამად საქართველოში ამ მიმართულებით მუშაობს. ერთი რამ კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, ესტონეთის მაგალითი რომ განვიხილოთ, თავის დროზე მთავრობამ ძალიან დიდი ბიუჯეტი გამოყო ტექნიკური სფეროს განვითარებისთვის და დღეს ეს ქვეყანა IT განვითარების კუთხით ერთ-ერთი პირველია. ევროპაში ყველაფერი ელექტრონულად ხდება - არჩევნებიც კი! საქართველოს დანამდვილებით დიდი პოტენციალი აქვს, უბრალოდ ახალგაზრდებს განვითარებისთვის ხელის შეწყობა სჭირდებათ.