რამდენიმე დღის წინ, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ კონტრაქტი გააფორმა YAMAHA Corporation-თან და YAMAHA-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გახდა.
კულტურის სამინისტროს ცნობით, დღევანდელი მონაცემებით, YAMAHA-ს ჯაზ-არტისტების რიცხვში გაერთიანებულია 40-მდე მსოფლიო რანგის ლეგენდარული მუსიკოსი. მათ შორის არიან: ჩიკ კორეა, ტონი ბენეტი, ჯორჯ ვეინი, ჰირომი უეჰარა, ბობ ჯეიმსი, დანილო პერეზი, ჯერი ალენი, ბილი ჩაილდსი, ჯეიმი კალუმი, კეიკო მაცუი. გიორგი მიქაძე პირველი ქართველი მუსიკოსია, რომელმაც ჯაზის მაგისტრის წოდება მიიღო Manhattan School of Music-ში; ასევე, ფლობს ბაკალავრის 3 ხარისხს: ხელოვნების აკადემიურ ხარისხს კლასიკური ფორტეპიანოს სპეციალობით (თბილისის სახ. კონსერვატორია) და კომპოზიციის და საშემსრულებლო ორმაგ ხარისხს (Berklee College of Music). გიორგი მიქაძესა და YAMAHA-ს წარმომადგენლებს შორის უკვე დაწყებულია სამომავლო გეგმების შესახებ მოლაპარაკებები, რომლის დეტალებიც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.