Home
Category
TV Live Menu

გიორგი ნათენაძე: ქართულმა ღვინომ საფრანგეთში თავისი ადგილი უკვე დაიკავა

56b8868062747
BM.GE
08.02.16 16:11
1208
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ქვევრის ღვინო პარიზში, ბლუაში, ანჟეში, სომურსა და ორლეანში სხვადასხვა ღონისძიებებზე იყო წარდგენილი.
ქართულ შვიდ ნატურალურ ღვინის მწარმოებელ კომპანიას შორის ერთ-ერთი მესხური ქვევრის ღვინო იყო, რომელსაც ახალგაზრდა მესხი მეღვინე, გიორგი ნათენაძე აწარმოებს. “ნათენაძის ღვინის მარნის’’ ხელმძღვანელი გადაცემაში “საქმიანი დილა’’ საუბრობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებებს კერძო ბიზნესისთვის.
- ბატონო გიორგი, როგორ ჩაიარა გამოფენამ?
- “ნათენაძის ღვინის’’ წარდგენა საფრანგეთში პირველად მოხდა. ექსპორტს უკვე ერთი წელია ვახორციელებ, მაგრამ პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ თავად შევხვედროდი იმ ადამიანებს, ვინც ქართული ღვინით არის დაინტერესებული. ესენი იყვნენ მედიისა და ღვინის ბიზნესის წარმომადგენლები, ღვინის პროფესიონალები და უბრალოდ ღვინის მოყვარულები. ძალიან საინტერესო გამოფენები ჩატარდა. ეს იყო ორი დიდი ფესტივალი, რომელსაც არა მარტო საფრანგეთი, არამედ მთელი მსოფლიო წლის განმავლობაში ელოდება. გამოფენაზე საუკეთესო ნატურალური ღვინის მწარმოებლები იღებდნენ მონაწილეობას და იქ ქართული ღვინის წარდგენა მსოფლიო აღიარებაა.
- ამ გამოფენის შემდეგ, თქვენს პროდუქციას რა შესაძლებლობა გაუჩნდა?
- გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. არ ვიცოდი, თუ ამდენი ხალხი იცნობდა ჩემს ღვინოს. მეღვინეებს რომ ვესაუბრებოდი, მათ უკვე იცოდნენ, რომ საქართველოდან ახალი კომპანიის წარდგენა მოხდა, იცოდნენ მესხეთის შესახებ და ძალიან აინტერესებდათ ჩემი ღვინის გასინჯვა. რადგან ცნობადობა დიდ იყო, მე საშუალება მომეცა ჩემი ღვინის პოპულარიზაცია გამეკეთებინა.
- თქვენი აზრით, კერძო ბიზნესს როგორ ეხმარება მსგავს გამოფენებში მონაწილეობის მიღება?
- ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად არის ჩართული იმ საქმეში, რომელსაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჰქვია. მცირე მარნები, ვინც ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ, ყველაზე კარგად საზღვარგარეთ ალბათ ჩვენ ვართ პროდუქტის გამტანი.
პირადად გვიწევს ნატურალური ღვინით დაინტერესებულ ადამიანებთან საუბარი.
- მსგავსი ღონისძიებები ევროპისკენ და სხვადასხვა ბაზრებისკენ ამარტივებს გზას?
- ამ ფესტივალზე ოთხი ახალი ქვეყანა დაინტერესდა მესხური ღვინით, ისინი დავიმატე, რადგან ჩემი ღვინის ექსპორტი სურთ. ღვინო იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში გამაქვს. ახლა უკვე საუბარია ამერიკაში, კანადაში, ბრიტანეთსა და ბელგიაში გატანაზე. იქაც ფესტივალებსა და ღონისძიებებში მივიღებთ მონაწილეობას. რითაც საშუალება მოგვეცემა, რომ მომხმარებელს პირადად ავუხსნათ ჩვენი ღვინის შესახებ, ყველა დეტალი.
- რამდენად რეალურია საფრანგეთის ბაზარი?
- მე მეგონა, რომ საფრანგეთში ქართული ღვინის გაყიდვა ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ საკმაოდ წარმატებით იყიდება ჩემი და სხვა ქართველი მეღვინეების ღვინოები. დაინტერესება ყოველ წელს იზრდება. კონკურენციაზე არც ვფიქრობთ, ქართულმა ღვინომ იქ თავისი ადგილი უკვე დაიკავა. ფრანგულ ღვინოებთან შედარებით, მაღალი ფასის სეგმენტიც არის. დიდია ინტერესი და ის წარმატებით იყიდება. მესხურ ღვინოებს ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს.
- ექსპორტს თქვენი ბიზნესის რამდენი პროცენტი უჭირავს და ფიქრობთ თუ არა, რომ 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაზარდოთ?
-ჩემი ღვინის 80 პროცენტი ექსპორტზე გადის. ვცდილობ, ნაწილი საქართველოშიც გავყიდო და ძირითადი ნაწილი ექპორტზე გავიტანო. იყო ისეთი შემოთავაზება, რომ ქვეყანას სურდა მთლიანად ეყიდა ჩემი ღვინო, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რადგან ჯერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩემი ღვინის პოპულარიზაცია და რეკლამირება მინდა მოხდეს.
- ქართული ღვინისათვის აზიური ბაზრის პოტენციალს როგორ ხედავ?
- ვფიქრობ, აზიური ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. მოთხოვნა დიდია, რადგან ღვინის პოპულარობა იქ უკვე წინ წამოწეულია, ღვინის მოხმარება მაღალ დონეზეა, ეს ერთგვარი ეტიკეტია. ქართული ღვინო მათთვის უცხოა და შესაბამისად ინტერესი დიდი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, აზიის ბაზარს ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ სხვადასხვა სახის ღვინის შეთავაზება შეგვიძლია.
- თქვენი მომდევნო აქტივობა რა არის?
- ძალიან მინდა, იტალიაში წავიდე. ეს უკვე დაგეგმილი მაქვს. შემდეგ ბრიტანეთში და გერმანიაში, სადაც ბაზრებია ასათვისებელი. კანადა თუ ალიან ძვირი სიამოვნება არ იქნება, იქაც აუცილებლად გავემგზავრები.






Subscribe to our news

Get the main news of the day