საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრირების აკრძალვასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ ეს აკრძალვა ქვეყნის ეკონომიკაზე არანაირ გავლენას არ იქონიებს, -აღნიშნულ თემაზე "საქმიან დილასთან" "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი გიორგი სუპატაშვილი საუბრობს.
-- ბატონო გიორგი, ეთანხმებით თუ არა "აფბას" რეკომენდაციას?
- არიან იმპორტიორები, რომლებიც იმპორტს ამერიკიდან, ევროპიდან და იაპონიიდან ახორციელებენ, მაგრამ არიან ექსპორტიორები, ანუ ის კომპანიები, რომელთა უმეტესობა ავტომობილების ექსპორტს, ტრანსპორტირებას იაპონიიდან აწარმოებს. ესენი იაპონური კომპანიები არიან, რომლებიც საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ და დაახლოებით 2-3 წელია, რაც ოპერირებენ, - საქართველოში აქვთ ოფისები გახსნილი და ჩვენთან არანაირ ინვესტიციას არ ახორციელებენ. აყვანილი ყავთ ქართველი პროფესიონალები, რომლებიც ქოლ ცენტრის მეშვეობით ახორციელებენ გაყიდვას და ეს შეიძლება იყოს, როგორც საქართველოში, ასევე სახვა ქვეყანაში.
- არის თუ არა ეს ბაზრის "შავი მხარის" ნაწილი?
- ზუსტად მაქამდე მივდივარ, რომ მათთვის, რა თქმა უნდა, მტკივნეული მომენტი იქნება, როდესაც საქართველოს ბაზარს დაკარგავენ, რადგან მათ ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრები დაკარგეს, დღეს საქართველოს ბაზარს დაკარგავენ.
- ეს კომპანიები თუ გააგრძელებენ ბაზარზე ოპერირებას, ამ შემთხვევაში მსხვილ კომპანიებს ხომ არ შეექმნებათ გარკვეული დისკომფორტი?
- ჩვენ იაპონიიდან იმპორტს დღესაც ვახორციელებთ, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ამ კომპანიების გარეშე იაპონიიდან ვერ შეიძენ. აქამდე იყო საშუალება, რომ ჩვენ მათი მეშვეობით იმპორტს ვახორციელებდით. შემდეგ ისინი უკვე აქ ჩამოვიდნენ და რეალურად ეს იმპორტიორი კომპანიები ამოაგდეს. ის შიში, რომ დავუშვათ, იმპორტიორი კომპანიები უმუშევარი დარჩებიან მცდარია. იმიტომ, რომ აქ საუბარია ექსპორტიორ კომპანიებზე და არც ისინი დარჩებიან უმუშევრები. მაგალითად, ყაზახეთის შემთხვევაში იქ ოფისები არ დახურულა, დღესაც რომ დავრეკოთ, ყაზახეთიდან ავტომობილის შეძენა შეიძლება შემოგვთავაზონ. აქ მნიშვნელობა არ აქვს ოფისი სად არის, მთავარი ქოლ-ცენტრის მუშაობაა.
- ექნებათ თუ არა კომპანიებს გონივრული ვადა იმისთვის, რომ დივერსიფიცირება მოახდინონ, თუ ეს ისედაც ბუნებრივად ხდება?
- აღვნიშნავ, რომ არ მეგულება იმპორტიორი კომპანია, რომელიც იმპორტს მხოლოდ იაპონიის ბაზრიდან ახორციელებდეს. თუ იმპორტიორი კომპანია ხარ, რა თქმა უნდა ავტომობილების იმპორტს ყველა ბაზრიდან ახორციელებ. ფინანსურ ნაწილს რაც შეეხება, იაპონიიდან რაც შეიძლება მაქსიმალურად დაბალ ფასიანი, ბიუჯეტური ავტომობილები იყო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იაპონიიდან დაახლოებით 4 000 ავტომობილი შემოდის. ფასმა რომ დაიწია, ეს მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ ქვეყნიდან დოლარი მასიურად გაედინება. პრემიერმა რომ დააანონსა, რომ 1 მარტისთვის იგეგმებაო, სტატისტიკას რომ გადახედოთ, დაგროვება დაიწყო, ანუ დილერებმა გადაწყვიტეს, რომ რაც შეიძლება მეტი ავტომობილი შემოეყვანათ. ჩვენ პრემიერმინისტრთან შეხვედრა გვქონდა და დავსვით ეს შეკითხვა, თუ როდისთვის მოხდება ეს ყველაფერი. 1 იანვრისთვის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა მოხდება, საუბარია პირველად რეგისტრაციაზე. ამაზე ჩვენს შეხვედრებზე ვსაუბრობთ, მაგრამ ოფიციალურად გაჟღერებული არ არის.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს კომპანიები ჩვენთან არანაირ ინვესტიციას არ ახორციელებენ, ანუ აფბას ეთანხმებით, რომ ჩვენს ეკონომიკაზე ამ ყველაფერს არანაირი გავლენა არ ექნება?
- კი, ასეა ვეთანხმები, არანაირი ეფექტი არ ექნება. თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, 1 იანვრამდე ეს აუცილებლად უნდა დააანონსდეს, რომ ბიზნესიც გადაეწყოს. ჩვენ რეალურად ვემზადებით იმისთვის, რომ იაპონიის ბაზარი დაიკეტება. ბიუჯეტურ ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია და მომხმარებელს რაღაც ახალი უნდა შესთავაზო.
- დღევანდელი ბაზრის სტრუქტურაზე რას გვეტყოდით, ფასების მხრივ რა სიტუაციაა?
- სტატისტიკის მიხედვით, აქამდე ვარდნა მიმდინარეობდა, გაყიდვების რაოდენობა ყოველდღიურად ქვევით მიდიოდა, რაც დღეს ნამდვილად შეჩერებულია და უფრო მეტიც ზრდა დაიწყო. შეგვიძლია ვუყუროთ დოლარის კურსს. გაყიდვები დოლარის კურსთან მიმართებაში იზრდება. როგორც კი დოლარი დასტაბილურდა, გაყიდვების რაოდენობაც დაგვისტაბილურდა, როგორც კი ქვევით წამოვიდა გაიზარდა. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.