სუბსიდიასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო შარშანდელ მიდგომებს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიცია მთავრობის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - თემაზე “საქმიან დილასთან“ ახალი პოლიტიკური ცენტრის -“გირჩი“ წარმომადგენელი გიორგი ფოფორაძე საუბრობს.
- სწორად მიგაჩნიათ თუ არა მთავრობის გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდირებასთან დაკავშირებით?
- სუბსიდიას ზოგადად რამდენიმე ფაქტორი ახასიათებს. სუბსიდია ბიუჯეტს დაახლოებით 40 მილიონამდე ლარი დაუჯდება, ეს ფაქტიურად ტყუილია და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი, რომ სუბსიდიები წელს კიდევ უფრო გაზარდეს და მეორე ის არის, რომ მოსავალი რასაც ელოდებიან სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება. წინა წლების პრაქტიკამაც გვაჩვენა, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო პროგნოზირებს, ხშირ შემთხვევაში ყურძენი უფრო მეტი მოდის.
- ანუ თქვენ ამბობთ, რომ თანხა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე დასახელდა?
- დიახ, მე ასე ვფიქრობ. ეს დაახლოებით ალბათ 10 მილიონით და ცოტათი კიდევ მეტით შესაძლო გაირღვეს ბიუჯეტი კონკრეტულად ამ მიმართულებით ღვინის სუბსიდიით. ზოგადად ჩვენ პრაქტიკა გვაქვს, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები ხშირად სცილდება ბიუჯეტს და შემდეგ დეფიციტური ხარჯვა უწევთ.
-უკვე წლებია სუბსიდიით გარკვეული თანხები გაიცემა, თუმცა გაცხადებულია, რომ სახელმწიფო აპირებს კონკრეტულად ყურძნის სუბსიდირებიდან გამოვიდეს და ამ სექტორმა თავად დაიწყოს მუშაობა. როგორ უნდა გამოვიდეს სახელმწიფო აქედან, რა გამოსავალს შესთავაზებდით თქვენ, როგორც ოპოზიცია ხელისუფლებას?
- გამოსავალი მარტივია. თვითონ სოფლის მეურნეობის მინისტრი და პრემიერმინისტრიც იგივეს ამბობს, რომ სუბსიდირება ცუდია და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ მომავალში სუბსიდირება საერთოდ აიკრძალოს. მაგრამ ისინი თავის თავს ეწინააღმდეგებიან, იქიდან გამომდინარე, რომ წელს რქაწითელზე 10 თეთრით გაიზარდა სუბსიდირება, ხოლო საფერავზე 5 თეთრით. გვეუბნებიან, რომ ფასი ბაზრის მოთხოვნა-მიწოდება შედეგად დგება და მეორეს მხრივ, თვითონ პროგნოზირებენ, რომ ფასი თითქოს ნაკლები იქნება. ესეც გაუგებარია საიდან იციან ფასი რა იქნება. არჩევნები მოდოს, სექტემბერში რთველი დაიწყება და გლეხებს რომ უთხრან ყურძენს არ დაასუბსიდირებენ როგორც წინა წლებში გამოსვლები დაიწყება და მთავრობა ხმებს დაკარგავს. თუ მთავრობა ამბობს, რომ სუბსიდირების პოლიტიკას უნდა შეეშვას, მაშინ საქმე მარტივად არის, მინიმუმ უნდა შეამციროს სუბსიდიები და ჩვენ წელს ყურძნის სუბსიდირებას ვზრდით. სწორედ ეს არის პრობლემა. ჩემთვის სუბსიდია თითქოს ნარკოტიკთან ასოცირდება, მივაჩვიეთ გლეხობა და ისინიც ყოველწლიურად უფრო მეტს და მეტს ითხოვენ. ეს ასეც არის, როდესაც ვირაც ფულს გჩუქნის, მადა გიჩნდება და ყოველწლიურად უფრო მეტი გინდა.
- დღეს რომ სუბსიდირება არ მოხდეს, ფერმერებს პრობლემები არ შეექმნებათ?
- პრობლემა თუ იქნებოდა ეს შემოდგომაზე გამოჩნდებოდა. მთავარია ჩვენ სწორი გზით წავიდეთ. უნდა შევეცადოთ ჩვენი ეკონომიკა განვავითაროთ და გავზარდოთ, ან უნდა ვიაროთ ასე, როგორც ჩვენი მთავრობა დადის არაგეგმიური პოლიტიკით, ანუ ხან ერთს აკეთებს ხან - მეორეს, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. ერთის მხრივ ვითომ სწორ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ მეორეს მხრივ ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ეკონომიკას აზარალებს. თუ ჩვენ სწორი გზით გვინდა ვიაროთ და ეკონომიკა გაიზარდოს, მაშინ გლეხებსაც და ყველას ერთად გაეზრდებათ შემოსავალი, მაშინ ამ გზას უნდა გადავუხვიოთ უნდა შევამციროთ გადასახადები და შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ყველასთვის მისაღები და ერთნაირი იქნება. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. მთავრობამ არასწორი მესიჯები არ უნდა გაგზავნოს ეკონომიკის არცერთ სეგმენტში. დღეს როდესაც ამბობენ, რომ ყურძენს დაასუბსიდირებენ და ეს წლების განმავლობაში ასე გრძელდება, გლეხებსაც განცდა და იმედი უჩნდებათ, რომ მომავალ წელსაც იგივე განმეორდება და ისინი კიდევ უფრო მეტს ხარჯავენ და მეტი მოყავთ. რაც უფრო მეტი ყურძენი მოყავთ, მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე ფასი მცირდება და მთავრობას სულ უფრო და უფრო მეტის სუბსიდირება მოუწევს და ჩვენ კიდევ უფრო ღრმად ჩავეფლობით ამ ჭაობში. ეს ერთადერთი შედეგია, სადამდეც მივალთ. უბრალოდ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ პოპულისტურ ნაბიჯებზე და მათ შორის გლეხებსაც სიმართლე ვუთხრათ. კახელ გლეხს რომ ეხმარები და სუბსიდირებას უწევ, რა დააშავა გორში ვისაც ვაშლი მოყავს. დღეს ყველა გაჭირვებულია. ჩვენ თუ გვინდა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმაროთ, მაშინ პირდაპირ მათ გავუწიოთ დახმარება.