"აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიკრომეწარმე ელიზა გოგოლაძის გირჩის მურაბის ბიზნესი 5 000 ლარით დაფინანდა. ბორჯომში, სოფელ ტიმოთესუბანში ელიზა გოგოლაძე ფიჭვის მტვერსა და გირჩის მურაბას სახლის პირობებში ამზადებდა, ხოლო მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიღებული 5 000 ლარიანი თანადაფინანსებითა და გაწეული კონსულტაციების შემდგომ ფიჭვის მტვრისთვის გასაშრობი სათბური ააშენა და კეთილმოაწყო. გაფართოების შედეგად პროგრამის ბენეფიციარმა მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოების მოცულობა და საკუთარი პროდუქციის განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღო სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ მარკეტინგულ მხარდაჭერაში და აღნიშნული მარკეტინგული მომსახურების მეშვეობით მიკრომეწარმემ საკუთარი პროდუქციის ბრენდირება მოახდინა და წარმოებული პროდუქცია "გუდვილის" ქსელში განათავსა.
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.
ბოლო მონაცემებით, მხარდაჭერილია 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მინიმალური მოცულობა შეადგენს 29 155 007 ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე თანადაფინანსების სახით გაიცა 22 942 704 ლარი, სადაც პროგრამას ჰყავს 4 909 ბენეფიციარი.