პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გომიდან რაჭამდე მისასვლელი პირდაპირი გზის პროექტირება მიმდინარე წელს, ხოლო მშენებლობა კი მომავალ წელს დაიწყება. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა და ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობასაც განიხილავს.
"ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურ მხარდაჭერას იმისათვის, რომ როგორც მესტიაში, გაგრძელდეს ჰაწვალის სათხილამურო ტრასა, ასევე თეთნულდის სათხილამურო ტრასების მიმდებარედ განვითარდეს სასტუმრო კომპლექსები და რა თქმა უნდა, აშენდეს გომიდან რაჭამდე მომავალი პირდაპირი გზა საჩხერის გავლით. ამის პირობას ვდებთ, რომ წელს, წლის ბოლომდე, დასრულდება პროექტირება და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებლად ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა. ჩვენ ასევე სერიოზულად ვიხილავთ მამისონის უღელტეხილზე გადამავალი გზის მშენებლობას იმისათვის, რომ ამ რეგიონმა მაქსიმალური შვება ნახოს დამატებული ტურისტული ნაკადებით", - განაცხადა პრეიერმა.