ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროების განვითარების მიზნით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა ხორციელდება. ფოთის პორტში ქარის ელექტროსადგურის ტურბინების შემოტანა დაიწყო, - პროექტის დეტალებზე “საქმიან დილასთან“ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი მამუკა კობახიძე საუბრობს.
- ბატონო მამუკა, მზად არის თუ არა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გეგმა?
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გეგმა დაახლოებით ერთი წლის წინ დასრულდა. ბელგიური კომპანია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში, ასევე EBRD-ის მოთხოვნების მიხედვით ტენდერის ჩატარებაში დაგვეხმარა. კომპანია მშენებლობის პროცესში ზედამხედველობასაც გვიწევს. 26 ივლისიდან ფოთის პორტში ტურბინის შემადგენელი კომპონენტების შემოსვლა დაიწყო. 117 დიამეტრის ტურბინების სიმძლავრე 3.45 მეგავატია. მთლიანი პროექტის სიმძლავრე კი 20.7 მეგავატი გახლავთ.
- რა იქნება გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი მთლიან სისტემაში?
- დაახლოებით 88 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდება ყოველწლიურად, რომელიც საქართველოშივე დარჩება. ეს არის პირველი, საპილოტე პროექტი ქარის სიმძლავრის ათვისების კუთხით და ზოგადად განახლებადი ენერგიის ათვისების მხრივ. ოქტომბრიდან ტესტირებას დავიწყებთ და საქართველოს ელექტროენერგეტიკის სისტემაში ყოველდღიურად გარკვეული კილოვატ საათები შევა.
ტურბინების თითო ფრთის სიგრძე 57 მეტრია და აქედან გამომდინარე, სპეციფიური მომზადება სჭირდება ამ ყველაფერს. დღეს უკვე გზების საბოლოო მოდელირება მიმდინარეობს და 14 აგვისტოდან ტრანსპორტირება დაიწყება. პირველ შემადგენელ ელემენტებს, სამშენებლო მოედანზე 16-17 აგვისტოსთვის ველოდებით.
- რა არის პროექტის საინვესტიციო მოცულობა და რამდენი ადამიანი დასაქმდება?
- დღეს უკვე დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული და ყველა საქართველოს მოქალაქეა. ოქტომბერში ჩვენ უკვე ოპერირების ეტაპზე გადავალთ და ტენდერით გამოვლენილი კომპანია გადაამზადებს და დაასაქმებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 34 მილიონ დოლარამდეა.
- გარემოზე ზემოქმედების წინასწარი კვლევა თუ ჩატარდა?
- რა თქმა უნდა, ვინაიდან განახლებადი ენერგიის ათვისების კუთხით ეს პირველი საპილოტო პროექტია, ამიტომ საქართველოში გარემოზე ზემოქმედების შეფასება ნებართვის აღებას არ საჭიროებს. ბანკის მოთხოვნა იყო, რომ ეს ევროპის სტანდარტების დონეზე განხორციელებულიყო და ინგლისურმა ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ აღნიშნული კვლევა გააკეთა.
- გარდა გორის ლოკაციისა, საქართველოს მასშტაბით არის თუ არა განსაზღვრული სხვა ლოკაციები?
-დღეს ჩვენი ფონდი პარალელურად ოთხ სხვა ტერიტორიაზე მუშაობს. ეს არის გორი 2, რომელიც 100 მეგავატამდეა და ჯერჯერობით ფონდი თავისი სახსრებით ავითარებს მას. მეორეა საჩხერეში 120 მეგავატამდე და ნიგოზაში 40 მეგავატამდე, რომელსაც თურქულ კომპანიასთან ერთად ვავითარებთ. წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა გაკეთებული გვაქვს და მეორე ეტაპზე ვართ გადასულები. დღეს დამონტაჟებული გვაქვს 4 ანძა და ქარის სიჩქარეს ვზომავთ, რომ წუთიერი, წამიერი სიჩქარე ვიცოდეთ თუ როგორ იცვლება მიმართულების მიხედვით. დაახლოებით წელიწადნახევარში ჩვენ დასრულებული გვექნება ეს კვლევა და უკვე დეტალური განსაზღვრა მოხდება თუ სად უნდა დამონტაჟდეს ტურბინები.