Home
Category
TV Live Menu

GPI: ესტონური მოდელის გადავადება ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია

5a9570d35a889
თამუნა დემეტრაშვილი
28.02.18 09:30
951
"მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე გადასვლის 2023 წლამდე გადავადება მსხვილი სადაზღვევო კომპანიებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია", -ამის შესახებ "ჯი პი აი ჰოლდინგის" კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა თინათინ სტამბოლიშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის ეთანხმება მოსაზრებას, რომ საბანკო და სადაზღვევო სექტორების ერთ პირობებში ჩაყენება არასწორია, თუმცა მიიჩნევს, რომ მოგების დაბეგვრის ახალი წესის დროული ამოქმედება დამწყები და მცირე სადაზღვევო კომპანიებისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

"სადაზღვევო და საბანკო სექტორების შედარება არ შეიძლება, რადგან სადაზღვევო სექტორში სულ სხვა ვითარებაა, მოგების მარჟებიც დაბალია და შემოსავლებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გადავადება უფრო დამწყები კომპანიების პრობლემაა, რომლებსაც შეიძლება მოუწიოთ საწესდებო კაპიტალის შევსება ახალი მოთხოვნების გამო. დიდ კომპანიებს ეს ნაკლებად აწუხებთ", - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

მისი ინფორმაციით, ჯი პი აი-ს საწესდებო კაპიტალი უკვე 17 მილიონი ლარია, რაც სადაზღვევო კომპანიებისთვის 2021 წლისთვის დაწესებულ ზღვრულ ნორმას, 7,2 მილიონ ლარს, თითქმის სამჯერ აჭარბებს.

მისი განცხადებით, მათთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვა გამოწვევებია, რომელიც დღეს სადაზღვევო ბაზრის წინაშე დგას.

"რეფორმები, რომელიც დაწყებულია, ბოლომდეა მისაყვანი. ვგულისხმობ სავალდებულო დაზღვევის კანონების დროულად შემოღებას, რაზეც დიდწილად იქნება დამოკიდებული სადაზღვევო სექტორის განვითარება", - აღნიშნა თინათინ სტამბოლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საფინანსო სექტორისთვის, გამონაკლისის წესით 2023 წელს ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილებამ სადაზღვევო სექტორის ნაწილის წინააღმდეგობა გამოიწვია. სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა გადანაცხადა, რომ საბანკო და სადაზღვევო სექტორების ერთ პირობებში ჩაყენება არ შეიძლება, რადგან მათი ფინანსური შემოსავლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

Subscribe to our news

Get the main news of the day