კომპანია "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" და ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე BMG-სთან განმარტებებს აკეთებს. იმედა დვალიძე ამბობს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას "ბადაგონის" წილის დაბრუნება სურს, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ჩამოართვეს.
დვალიძე აცხადებს, რომ ვლადიმერ ჯანჯღავას სახელი "ბადაგონსა" და "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედს" სამართლებრივად არ უაკვშირდება, თუმცა, კომპანიის აქციონერები წლების განმავლობაში იყვნენ ჯანჯღავას მეუღლე და სიმამრი: ეკატერინე ეზუგბაია და გივი ეზუგბაია. ადვოკატის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ამ აქციონერების მხრიდან მოზიდულია 20 მილიონამდე დოლარი.
იმედა დვალიძის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ "ბადაგონის" ამჟამინდელ მესაკუთრეს გიორგი სალაყაიასა და ჯანჯღავას შორის შედგა ფორმალური შეთანხმება, რომ კომპანიის 100% სრულად გადავიდოდა გიორგი სალაყაიას საკუთრებაში, იმისთვის, რომ ადვილი ყოფილიყო კომპანიის მართვა. მიზეზი კი ის იყო, რომ ჯანჯღავა რუსეთში ცხოვრობს.
"როდესაც "გრაკორო ლიმიტედმა" "ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე თანხის მოზიდვა მოახდინა, ამ კომპანიაში წილების გასხვისებას, მათ შორის 50%-იანი წილისას, მისი მესაკუთრე 50 ათას დოლარად არ განახორციელებდა. ეს იყო პირობითი, ფორმალური გარიგება, ნდობაზე დამყარებული შეთანხმება, მათ შორის იყო ახლო მეგობრული ურთიერთობა. ამ ადამიანმა კი ეს შეთანხმება დაარღვია, სხვათა შორის, 50 ათასი დოლარიც არ გადაიხადა. სინამდვილეში კომპანიის ღირებულება იყო გაცილებით მეტი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები გიორგი სალაყაიასთან, იყო მცდელობები, რომ გარკვეული გზა გამოძებნილიყო. თუმცა, ეს ასე არ მოხდა და გასული წლის დეკემბერში შევიტანეთ საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში",- განაცხადა იმედა დვალიძემ.
მისივე თქმით, სიცრუეა ასევე გიორგი სალაყაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა თაღლითი და ძებნილია.
რაც შეეხება საკითხს, რომ "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" უკან ყოფილი პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი დგას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს პრესკონფერენცია გამართა "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყიამ, სადაც მან განაცხადა, რომ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადების საფუძველზე შევიდა. ალკოჰოლური კომპანიის დამფუძნებელმა ასევე დაასახელა რამდენიმე პირი, რომელსაც, მისი აზრით, „ბადაგონის“ ხელში ჩაგდება სურთ.